ავტორი:

მომღერალ ინგა ფერაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - "მასთან სტუმრობისას მითხრა, ნუთუ საქართველოს მიწა არ უნდა მეღირსოსო"

მომღერალ ინგა ფერაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - "მასთან სტუმრობისას მითხრა, ნუთუ საქართველოს მიწა არ უნდა მეღირსოსო"

მომღერალ ინგა ფერაძეს, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას "ფეისბუქით" მომღერლის ახლობელი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ფერაძე ამჟამად ბრიუსელის გარეუბანში სოციალურ ბინაში ცხოვრობს. როგორც მომღერლის ახლობელი წერს, ინგა ფერაძის ოცნება საქართველოში დაბრუნებაა, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო ამას ვერ ახერხებს.

"იყო დრო, რომ საქართველოში თითქმის ყოველი სახლის ფანჯრებიდან მისი სიმღერები ისმოდა. მერე ის დროც მოვიდა რომ პირადათ გავიცანი და ოთხ ათეულ წელზე მეტია ჩემს ცხოვრებაშია (ღვთის მადლით კიდევ ერთი ამდენი) ბევრი რამ გაიარა და ახლა როგორც ბევრი ქართველი ისიც ე მ ი გ რ ა ნ ტ ი ა ! ბრიუსელის ერთ–ერთ გარეუბანში სულ პაწაწინა სოციალურ ბინაში უდევს ბუდე. ენატრება საქართველო, მეგობრები, სცენა, მაგრამ...... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თვენახევრის უკან ინგამ ინსულტი გადაიტანა. ღვთის შემწეობით, ახლობლების ლოცვა–კურთხევით და ექიმების ძალისხმევით მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ მასში სიმარტოვემ დაისადგურა. რუსული ბაბტისტური ეკლესიის მრევლიდან კვირაში ერთხელ ვინმე თუ შეუღებს სახლის კარს და ჭიქა წყალს მიაწვდის. შვილი 50 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. შვიდი შვილის დედა კვირაში ორჯერ ძლივს ახერხებს მონახულებას.

უჭირს, ძალიან უჭირს როგორც სულიერად ისევე ფიზიკურად. მოგმართავთ ყველას, ვისაც კი ხელეწიფება დაეხმაროს ინგას – იქნებ როგორმე ჩამოვიყვანოთ საქართველოში და სადმე ერთ ოთახში მივუჩინოთ ბინა – ან მოხუცთა სახლში, ან ვინმეს იქნებ დაკეტილი ბინა გაქვთ რომლითაც არ სარგებლობთ (ასობითაა ასეთი)ეს იქნება უდიდესი მადლი. მახსოვს, ორიოდ წლის უკან მასთან სტუმრობისას რომ მითხრა – ნუთუ საქართველოს მიწა არ უნდა მეღირსოსო. მიწის რა მოგახსენოთ, ჯერ ღმერთმა აშოროს ეს დღე და ბევრი წლები წინ მას, საქართველოს ჰაერი და ქართველი მეგობრები რომ მისთვის მისწრება და ყველაზე დიდი წამალია ეს კი ვიცი მე. მოდით, დავეხმაროთ ინგას, ავუსრულოთ ოცნება და მივუჩინოთ სადმე პატარა მყუდრო კუთხე საქართველოში, ეს იქნება უდიდესი მადლი ლეგენდა, მაგრამ ახლა ყველასაგან მივიწყებული დიდი ქალბატონისათვის. ჩემო ინგა, დაგლოცოს უფალმა და ჯანმრთელობა მოგცეს. იმედი მაქვს გამოჩნდებიან ღვთისნიერი ადამიანები და შენს ნატვრას აასრულებენ. საოცრად მიყვარხარ და მენატრები!" - წერს "ფეისბუქზე" ფერაძის ახლობელი.

ინგა ფერაძემ საქართველოში პოპულარული 70-80-იან წლებში იყო. ის ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უკვე რამდენიმე წელია ბელგიაში, ემიგრაციაში იმყოფება. ფერაძე გარკვეული პერიოდი ქალაქ ბრიუსელში ევანგელისტურ ეკლესიაში გალობდა.