რუსეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ცალი თვალი ხელით აქვს დაფარული - თბილისში აქციის დარბევის დროს დაშავებული ახალგაზრდებისადმი სოლიდარობის ნიშნად.
გიგინეიშვილი ასევე წერს, რომ არ სჯერა იმის, თითქოს საქართველოში რუსოფობიაა და ამას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ამტკიცებს:
"2008 წლის ომის შემდეგ, ჩემს გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში ჩავედი, ფილმის - "სიყვარული აქცენტით" გადასაღებად.
მაშინაც კი, მიუხედავად იმისა რომ ომისშემდგომი ვითარება იყო, შოკი და სტრესი, რასაც საქართველოში ადამიანები განიცდიდნენ, არ მახსოვს ჩემს რუს კოლეგებს ეგრძნოთ დისკომფორტი. მაშინ მე კიდევ ერთხელ აღმაფრთოვანა ჩემი ხალხის ღირსებამ! დარწმუნებული ვარ, რომ მოაზროვნე ადამიანებს არ სჯერათ, ქართველების რუსოფობიის!" - წერს გიგინეიშვილი.
შეგახსენებთ, გასული კვირიდან ქართული საზოგადოების პროტესტი თბილისში ჩატარებულმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომამ გამოიწვია, რომელსაც რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსდა, რასაც ქართული საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.