მამუკა ბახტაძე შს მინისტრსა და სამინისტროს მადლობას უხდის. პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, ბახტაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი იქნა გამოყენებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ პროვოკაციული მიზნებისთვის და რომ კრიზისულ ვითარებას, შს სამინისტრომ და მინისტრმა წარმატებით გაართვეს თავი.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ორივე შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში და ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს.
ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმეს სცენარი. დღეს არის სხვა მდგომარეობა და შსს-მ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება.
აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრიდან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო შედგეს, როგორც წარმატებული ევროპული სახელმწიფო,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.