საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მზად ვარ, მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში, ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება ინფრასტრიუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს საქართველოშია.
"მე დღეს ჩემს კაბინეტთან ერთად საქართველოს პარლამენტში ვგეგმავდი სამთავრობო პროგრამის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას და იქ ჩვენ საუბარი გვექნებოდა პროგრამაში გათვალისწინებულ ყველა საკითხზე. თუმცა ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში თუ სხვადასხვა მიმართულებით, ეს არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს ჩვენთანაა. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება ჩემს კოლეგებთან ერთად და მზად ვარ, ნებისმიერ დროს, საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში, ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე. დღეს რაც აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები", - განაცხადა პრემიერმა.