20-21 ივნისის აქციის დარბევისას, 19 წლის სტუდენტმა, მაკო გომურმა თვალი დაკარგა. საავადმყოფოდან იგი რამდენიმე დღის წინ გამოწერეს. მაკო გუშინ სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა. ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა ინტერვიუ მაკოს დედასთან, მაია ინიაშვილთან. გთავაზობთ ამონარიდებს:
"ემოციურად ძალინ მძიმედ ვარ. ჩვენ არაგვისპირში ვცხოვრობთ. 3 გოგო და ერთი ბიჭი მყავს. იმ ღამეს აქციას ტელევიზიით ვუყურებდი არ ვიცოდი, ჩემი შვილები იქ თუ იყვნენ. საღამოს რომ ველაპარაკე, მითხრეს, მაღაზია რომ დაიკეტება (ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობენ), სახლში წავალთო. 12 საათის შემდეგ დავურეკე, მომატყუეს, სახლში მივდივართო. თურმე აქციაზე ყოფილან და არ გამიმხილეს, გამიფრთხილდნენ, არ მანერვიულეს.
იმ ღამეს ტელევიზორთან გვიანობამდე შევრჩი, დარბევის კადრებს ვუყურე და მეუღლეს ვუთხარი, ეს გოგო ჩვენს მაკოს როგორ ჰგავს-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სახლში იყო და დავიძინე. თურმე ის დაჭრილი გოგონა, რომელსაც ტელევიზიით ვუყურებდი, როგორ გაჰყავდათ, ჩემი შვილი ყოფილა. მეორე დღეს დილაადრიან ავდექი. ჩემი გოგო და ბიჭი მოვიდნენ, მათ არ ველოდებოდი და დანახვისთანავე მივხვდი, რაღაც მოხდა. დამამშვიდეს, ნუ გეშინია ყველანი ცოცხლები ვართ, მაგრამ მაკოს თვალი დაუზიანდაო. ძალიან ვინერვიულე, განვიცადე, მაგრამ ახლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შვილი ცოცხალი მყავს.
"შვილების პროტესტს მეც ვუერთდები. ვითხოვ, აუცილებლად დაისაჯოს ის, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა. ის ჩვეულებრივი ჯალათია".
"იმ კადრების გახსენებისას მაკო ძალიან ემოციურია. ამბობს, უკვე გამოვდიოდი, დავინახე ვიღაც დაეცა, მისკენ მივბრუნდი და ტყვიაც ამ დროს მომხვდაო".