18 ივნისს, მოსკოვში, კრემლის სახელმწიფო სასახლეში მსოფლიოში ცნობილი ბალერინები და ბალერონები ყოველწლიურ ღონისძიებაზე დასასწრებად შეიკრიბნენ.
ტრადიციულად, ყოველ წელს, ივნისის თვეში აგრიფინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია გამოსაშვებ საღამოს აწყობს, რომელსაც აღნიშნული აკადემიის ცნობილი აღსაზრდელები, ბალეტის ოსტატები და სხვა ცნობილი სახეები ესწრებიან.
2013 წლიდან, ვაგანოვას რუსული ბალეტის აკადემიის რექტორი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძეა. წელს აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ცისკარიძესთან ერთად მისი კოლეგები, მსოფლიო ბალეტის ცნობილი სახეები და მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილი ბალერინები: ნინო ანანიაშვილი, ილზე ლიეპა და ელენა ანდრიენკო სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეულნი.
ერთობლივი ფოტო ინსტაგრამის პირად გვერდზე 55 წლის რუსმა ბალერინამ, ილზე ლიეპამ განათავსა:
"2019 წლის 18 ივნისს, კრემლის სახელმწიფო სასახლის სცენაზე შედგა გამოსაშვები საღამო ვაგანოვას აკადემიისა, რომლის რექტორიც ნიკოლაი ცისკარიძე გახლავთ. ამ არაჩვეულებრივი მოვლენის მისალოცად, ღონისძიებაზე მივიდნენ სახალხო და დამსახურებული არტისტები: ნინა ანიაშვილი, ელენა ანდრიენკო და ილზე ლიეპა" - ნათქვამია ლიეპას "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უკვე 6 წელია ცისკარიძე ვაგანოვას აკადემიის რექტორია და მისი აღსაზრდელები ყოველწლიურად კრემლის სახელმწიფო სასახლეში აწყობენ საჩვენებელ საღამოს.
აგრიფინა ვაგანოვას სახელობის რუსული ბალეტის აკადემია რუსეთის ყველაზე ძველი საბალეტო სკოლაა. ის თავისი დროის უდიდესი რუსი პედაგოგი იყო. აგრიფინამ 1917 წელს დატოვა სცენა და თავი მიუძღვნა პედაგოგობას. 1921 წელს იგი გახდა ქ. ლენინგრადის საბალეტო სკოლის პედაგოგი (ოფიციალურად პეტერბურგის სამეფო ბალეტის სკოლა) და დაიწყო ინსტრუქციული სისტემის განვითარება, რაც მოგვიანებით მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც ვაგანოვას სისტემა.