პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ერთი მთავარი მოთხოვნა დარჩათ: გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სერგო გალსტიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უმთავრესია, რომ დაკავებულები გაათავისუფლეს, თუმცა სანამ ბოლო მოთხოვნა არ შესრულდება, აქციები გაგრძელდება.
"ეს იყო ყველაზე მწარე და აქტუალური მოთხოვნა, ახლა დაგვრჩა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა, გახარიას გადადგომა, რომელიც არანაკლებ პრინციპულია. პოლიციელების დასჯა თავისთავად, კანონის მოთხოვნაა და არა აქციის მოთხოვნა. რა თქმა უნდა, ჩვენც მაგას ვითხოვთ, მაგრამ ეს ერთი და ორი დღის პროცესი არ არის. ასევე, არ არის ისე, რომ ყველა პოლიციელი დასასჯელია, არამედ დასასჯელია ის, ვინც გადაამეტა ძალას, რის შესახებაც გვაქვს ვიდეო, ფოტო მტკიცებულებები, არის ადამიანების ჩვენებები და კონკრეტული ფაქტები. მთავარი მოთხოვნა ახლა გახარიას გადადგომაა და სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ", - განაცხადა გალსტიანმა.
მისივე თქმით, დღევანდელი აქციის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა უკვე დაგეგმილია. ეს აქციის მეშვიდე დღეა.