ავტორი:

"კარგი იქნება, თუ გამიმართლებს და მეორე ნახევარს ვიპოვი" - რას ჰყვება ქმართან დაშორებაზე და პატარა ქალიშვილზე თათია დოლიძე

"კარგი იქნება, თუ გამიმართლებს და მეორე ნახევარს ვიპოვი" - რას ჰყვება ქმართან დაშორებაზე და პატარა ქალიშვილზე თათია დოლიძე

თათია დოლიძისთვის ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული და ახალი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ათი თვის თაიას დედაა და პატარას მთელი ზაფხული ქალაქში ვერ გააჩერებდა, შესაბამისი ადგილის ძებნა უკვე დაიწყო. გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი ოჯახური ცხოვრების შესახებ "თბილისელებს" ესაუბრა:

- ფაქტობრივად, მთელი ზაფხული მუშაობა მიწევს და დიდი ხნით დასასვენებლად წასვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ რადგან პატარა მყავს, გამოსავალი უნდა მეპოვა. ამიტომ გადავწყვიტე, აგარაკი სადმე ახლოს ვიქირავო - წყნეთში ან წავკისში, სადაც ბავშვს ჰაერს გამოვუცვლი და თან, ყოველდღიურად სამსახურში სიარულს შევძლებ. სრულგანაკვეთიანი სამსახური ამ ეტაპზე არ მინდოდა და მხოლოდ მოქნილ გრაფიკიან პროექტებზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის ხელმძღვანელად დამნიშნეს, რაც საპასუხისმგებლო, მაგრამ ძალიან კარგი ამბავია. თუმცა ეს ორი თვე ძალიან დატვირთული მექნება, რასაც ბევრ პლუსთან ერთად, თავისი მინუსები აქვს. ბავშვს ვერაფრით დავჩაგრავ და ამიტომაც ვეძებ აგარაკს სადმე ახლოს, აგვისტოში კი მთაშიც აუცილებლად წავიყვან.

- პატარა ძალიან აქტიური გოგოა...

- ყველას უკვირს, ისეთი კომუნიკაბელურია. ათი თვისაა, მაგრამ სულ პატარაობიდან დამყავდა ყველგან, გარდა ვირუსების პერიოდისა. ხალხთან ურთიერთობა საოცრად უყვარს. დიდი ადამიანივით მოგყვება ყველგან და გამორიცხულია, სადმე იტიროს. ხალხმრავლობა რომ არ მოსწონდეს, არ წავიყვანდი, მაგრამ ძალიან სიამოვნებს. ვინმემ თუ უყურადღებოდ ჩაუარა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. მუცლიდან დაწყებული აქტიურად ცხოვრობს. თუმცა უპასუხისმგებლოდ არსად მიმყავს, იქ, სადაც დისკომფორტი შეექმნება, რა თქმა უნდა, არ წავიყვან. სადაც მოსწონს ყოფნა და სიამოვნებას იღებს, მხოლოდ იქ დამყავს. მეც ძალიან აქტიური ბავშვი ვყოფილვარ. მაგრამ როგორც დედა მეუბნება, მე მხიარული და საყვარელი ვიყავი, თაია უფრო სერიოზული და თავდაჭერილია. უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებასავითაა. თვითონ ხომ ასეთი სერიოზულია და მგონი, მეც უფრო დამასერიოზულა. თან, უპრობლემო გოგოა, თითქოს ყველაფერი ესმის. არ ვაჭარბებ, მართლა ყველა აღნიშნავს, რომ განსხვავებული და ძალიან აზრიანი ბავშვია.

- რამდენად რთული აღმოჩნდა მარტოხელა დედობა?

- მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და ისინი ძალიან მეხმარებიან, მყავს ძიძაც. ბავშვს მამა ჰყავს, მათ ურთიერთობა აქვთ და შეძლებისდაგვარად, ჯანსაღად გვაქვს ეს ურთიერთობა დალაგებული. მგონია, რომ ჩემს შვილს ამის გამო არც მომავალში ექნება დისკომფორტი. რაც შემეხება მე, ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ჯობს, ოჯახი სრული იყოს, თუ ეს შესაძლებელია. კარგია, როცა მშობლები ყველაფერს ერთად აკეთებენ, მაგრამ თუ ამის საშუალება არაა, არც ესაა ტრაგედია. ვთვლი, რომ მარტოხელა დედები გმირები არიან. თუმცა, ჩემს თავს ნაკლებად ვგულისხმობ, რადგან მე ხელის შემწყობი გარემო მაქვს, მაგრამ ხომ არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით "მარტოხელა დედები" - ეს ნამდვილი გმირობაა. რა თქმა უნდა, არაა კარგი ფენომენი, მაგრამ მთავარი ისაა, ბავშვი ჯანსაღ გარემოში იზრდებოდეს. თორემ ოჯახს იმიტომ არავინ ქმნის, რომ დაანგრიოს, ეს მარტივი და სასურველი მდგომარეობა არაა, მაგრამ მე ამას ტრაგიკულად არ აღვიქვამ, რადგან მყავს თაია, რომელიც საოცნებო გოგოა.

- მარტივი არაა ამ პრობლემებთან გამკლავება, საკმარისი ძალის პოვნა საკუთარ თავში.

- საკმაოდ რთულია, ძალიან ბევრია დამოკიდებული ინდივიდზე, გააჩნია, როგორ მიიღებ ახალ რეალობას. ნებისმიერი ცხოვრებისეული კრიზისი საჭიროებს საკუთარ თავთან ბევრ მუშაობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ბევრი ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, ორი წლის წინ დედა ისე ცუდად მყავდა, სიკვდილ-სიცოცხლეზე იყო საუბარი. ერთი თვე რეანიმაციაში გავატარეთ და გადავრჩით. ყველას აქვს ცხოვრებაში მძიმე მომენტები, რის შემდეგაც ერთნი სასოწარკვეთას მიეცემიან, მეორენი კი ხვდებიან, რომ ესაა ცხოვრება. ამ დროს მნიშვნელოვანია, ყველაფერ ცუდში, რაც თავს დაგატყდა, საკუთარი თავი არ დაადანაშაულო. არ უნდა იფიქრო, ეს იმიტომ დამემართა, რომ მე ვარ ცუდიო. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი. ვის მოვატყუო, რომ მარტივია? რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. თავს უნდა მოერიო, მით უმეტეს, როცა შვილი გყავს, ახალგაზრდა ხარ და ამდენი შესაძლებლობა გაქვს. უბრალოდ, საწყენი ისაა, რომ რაღაც ისე არ ვითარდება, რა მოლოდინიც გქონდა. თან, ეს უბრალო რაღაც არაა, ოჯახის დანგრევა მარტივი ვერაფრით იქნება, რადგან ემოციებთან და გრძნობებთანაა დაკავშირებული. მაგრამ არჩევანს ჩვენვე ვაკეთებთ და რადგან ეს მოხდა, ესე იგი, სხვანაირად არ გამოდიოდა, თორემ მსგავსი გადაწვეტილების მიღება არავის უხარია. დღეს, შვილიდან გამომდინარე, ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, ყოფილ მეუღლესთან ვმეგობრობო. ალბათ, ეს ურთიერთობა მეგობრობის ჩარჩოშიც გადის, თუმცა მეგობრობა კიდევ სხვა რამეს მოიაზრებს. ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომლებიც ერთ დროს წყვილს წარმოადგენდა, მეგობრობა კი მე ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია. თუ ის იგულისხმება, რომ მისთვის ცუდი არ მინდა და შვილის სახით უდიდესი საერთო ინტერესი გვაქვს, მაშინ - კი.

- ახლა რა ხდება პირად ცხოვრებაში და როგორია შენი განწყობა პირველი დანგრეული ურთიერთობის შემდეგ?

- ერთი წელია, რაც ოფიციალურად და წელიწად-ნახევარია, რაც რეალურად დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა. ერთ ადამიანს ვერ განვაზოგადებ და ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა თუ გამოჩნდება, მას ვეღარ მივენდობი. ვთქვათ ისიც, რომ პირველი ცუდი გამოცდილება ვერ დაგიცავს მეორე ცუდი გამოცდილებისგან, მეორე - მესამისგან და ასე შემდეგ. აქ დიდი წილი გამართლებაზეა. ვიღაცას პირველივეზე უმართლებს, სხვას - მეხუთეზე. მე ჩემი ყოფილი მეუღლე მიყვარდა, ეს ნამდვილი სიყვარული იყო, მაგრამ თუ სიყვარული კიდევ მეწვევა, უარს ნამდვილად არ ვიტყვი. 27 წლის ვარ და არ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება მარტო უნდა ვიყო, მაგრამ ასეთი რამეების დაგეგმაც არ ხდება. უბრალოდ, ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ცხოვრებაში გამიმართლებს და მეორე ნახევარს ვიპოვი.

ნახეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ლაშა ნაცვლიშვილი  POST TV-ს ხელმძღვანელად ბრუნდება

ხანძარი თბილისში - ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა