შოუს რომ იძახი, ამიტომაც ხარ ისეთივე კრეტინი, როგორიც არიან სხვები, - ამ სიტყვებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელს ანრი ოხანაშვილს მაშინ მიმართა, როცა ოხანაშვილმა დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ოპოზიციის ემოციური განცხადებები "შოუს მოწყობად" შეაფასა.
ანრი ოხანაშვილისადმი გოცირიძის რეპლიკას უმრავლესობის წევრების გაღიზიანება მოჰყვა. პარლამენტის წევრებმა გიორგი კახიანმა და მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას მიმართეს, რომ ბიუროს სხდომათა დარბაზიდან "გათრეულიყო". კახიანმა გოცირიძეს უზრდელიც უწოდა.
სიტყვიერი დაპირისპირების განმუხტვა მანდატურის სამსახურის თანამშრომლება სცადეს.
დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ პროკურატურისთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით ბიუროს საგანგებო სხდომა ხმაურით წარიმართა.
გენერალურ პროკურორის მიმართვას თავდაპირველად იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები განიხილავს და შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტების დასკვნა პლენარულ სხდომაზე გავა.