ავტორი:

"მას არ შეუძლია მუსიკის გარეშე ცხოვრება" - 18 წლის ქართველი პიანისტი, რომელიც აშშ-ს ორმა საუკეთესო სასწავლებელმა მიიღო

"მას არ შეუძლია მუსიკის გარეშე ცხოვრება" - 18 წლის ქართველი პიანისტი, რომელიც აშშ-ს ორმა საუკეთესო სასწავლებელმა მიიღო

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლის — „ნიჭიერთა ათწლედის“ კურსდამთავრებული, 18 წლის ნიჭიერი პიანისტი დავით ხრიკული საქართველოს დროებით ემშვიდობება. ახალგაზრდა პიანისტების უმრავლესობა კარიერას საზღვარგარეთ აგრძელებს. დათოც მიდის, ცოდნის ასამაღლებლად და ახალი შთაბეჭდილებების მისაღებად სწავლას ამერიკაში გააგრძელებს.

24 ივნისს, თიბისი გალერეაში დათოს გამოსამშვიდობებლი სოლო კონცერტი ჩატარდა. პროფესორ რევაზ თავაძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა პიანისტმა შოპენის ნაწარმოებები შეასრულა.

„ბავშვობიდან მქონდა სურვილი დამეკრა სოლო კონცერტი, რომლის პროგრამაშიც მხოლოდ შოპენის ნაწარმოებები იქნებოდა. ამ ოცნების ხელშეწყობისთვის, "თიბისი ჯგუფსა" და მის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დიდ მადლობას ვუხდი. დროებით ვემშვიდობები საქართველოს და სასწავლებლად ამერიკაში მივემგზავრები. ამერიკა საშუალებას მომცემს გავიცნო სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გავიგო, თუ როგორ აზროვნებენ, რა ტექნიკებს ფლობენ.

უშუალო კონტაქტი მექნება ცნობილ და გავლენიან მუსიკოსებთან. კლივლენდის მუსიკის ინსტიტუტსა და ჯულიარდის სკოლას შორის უნდა გავაკეთო არჩევანი. ორივეგან მიმიღეს, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია რომელში ვისწავლი. ორივე მათგანი მსოფლიოში აღიარებული სასწავლებელია. რა თქმა უნდა, იქ არაჩვეულებრივი პირობები დამხვდება - ყველა აუდიტორიაში საოცარი ინსტრუმენტი დგას და სწავლისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი“ - გვიამბობს დავით ხრიკული.

დავითის მასწავლებლის, პროფესორ რევაზ თავაძის შეფასებით, ახალგაზრდა პიანისტს დიდი პოტენციალი აქვს:

„დავითს ერთხელ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ რა იყო მისი ჰობი. მან უპასუხა, რომ მისი ჰობი იყო ახალი ნაწარმოებების შესწავლა. მგონია, რომ ეს თვისებაა მისი ნიჭის პირველი და მთავარი მაჩვენებელი. ალბათ, ასეთად იბადება ადამიანი. მას არ შეუძლია მუსიკის გარეშე ცხოვრება. არსებობს მუსიკის დამახსოვრების ნიჭი, სცენაზე მოქცევის ნიჭი, ტექნიკური ნიჭი, მაგრამ თუ არ გრძნობ, რომ შენ ამისთვის ხარ დაბადებული, ძნელია გახდე საუკეთესო.

ასეთია ხელოვნება, ასე არიან პოეტები, მხატვრები, მათ არ შეუძლიათ თავის დანებება თავიანთი საქმიანობისთვის. დათო თავისი ცოდნითა და მომზადებით, მაგისტრის დონეზეა. მან კი ჯერ მხოლოდ სკოლა დაამთავრა. ამერიკაში კონკურენტული გარემო დახვდება. ზოგადად, იმდენად ბევრი კარგი პიანისტია, რომ ძალიან ძნელია გამოირჩეოდე, თქვა საკუთარი სიტყვა. თუმცა, მე ვიცი და მჯერა, რომ მას ძალიან დიდი და გამორჩეული პოტენციალი აქვს. მას მომავალში ვხედავ, როგორც ცნობილ პიანისტს, რომელიც იწყებს ცხოვრებას მთელ დედამიწაზე. ამით ის საქართველოსაც გაუთქვამს სახელს“ - აღნიშნა რევაზ თავაძემ.

დავითი პირველად 9 წლის იყო, როდესაც ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგა. მას შემდეგ, რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო და რესპუბლიკური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა: 11 წლის ასაკში, ჰოლანდიაში, მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა. შემდეგ მოსკოვში, კონკურს „მაკნატუნას“ ფინალისტი გახდა; ჩინეთში კი, არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა ახალგაზრდულ საერთაშორისო კონკურსზე გრან-პრი მოიპოვა.

ახალგაზრდა პიანისტის საყვარელი მუსიკოსები სვიატოსლავ რიხტერი და არტურ რუბინშტეინი არიან, საყვარელი კომპოზიტორი კი, შოპენია.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის