ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ამერიკელი დიპლომატის ერინ ჯარეტის მიმართვას ავრცელებს, რომელიც ამერიკელებს მოუწოდებს, საქართველოში გაატარონ ზაფხული:
"საქართველომ ჩემი გული დაიპყრო. ჩემს ყველა მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევ, ზაფხული აქ გაატაროს - და ისინი ასეც იქცევიან. ბევრს ვუმასპინძლეთ აქ, მათ შორის ჩემს მშობლებს, რომლებიც ნამდვილ ქართულ სუფრაზე მოხვდნენ კახეთში, ჩვენს მეგობრებთან.
საქართველოს საოცრად მდიდარი კულტურული წარსული აქვს და გულით ველი მის ნათელ მომავალს. გამუდმებით შთამაგონებს ეს ხალხი, რომელიც შრომობს თავისი საზოგადოების გაუმჯობესებისათვის და აშენებს წარმატებულ, თავისუფალ საქართველოს" - ნათქვამია ერინ ჯარეტის მიმართვაში.
მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა და ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემცირების საფრთხე შეიქმნა, სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მასშტაბური კამპანია დაიწყეს. ისინი „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“ და „ტვიტერის“ საშუალებით ცდილობენ, აწარმოონ ტურისტული კამპანია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზაფხულის საქართველოში გატარებას ურჩევენ.