ადგილობრივი მთისა ყველაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე Mountain Set-ზე მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და ფოტოებს აქვეყნებს:
"მოკლედ ბევრი ვიხუმრე, ბევრი გავერთე, თუმცა რეალურად ხუმრობად არ გვაქვს საქმე, ხალხო... ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთასთან მეტი სიფრთხილე და მორიდებაა საჭირო, ვიტყვი იმასაც, რომ მე აქ არ დავბადებულვარ და აქ არ გავზრდილვარ, თბილისელი ვარ წლების წინ ქალაქიდან წამოსული, არც ქალაქი მიკვირს და არც ევროპა აზია, საზღვარგარეთიც მოვლილი მაქვს და კარგად ვიცი, სად რა ხდება, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იქ ავირჩიე სამყოფელი, სადაც წესებია, სადაც ადათებია და სადაც ტრადიციებია... რასაც ზოგი თავისუფლებას ეძახით, ეგ თავისუფლება აქ, მთაში გარყვნილება და სიბილწეა... კაზანტიპი, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი თუ მსგავსი თავყრილობები ბოლოს როგორც ვითარდება, ყველამ კარგად ვიცით, აკი გვაქვს მთაში გამოცდილება მაგის... ყველამ კარგად იცის, როგორ განვითარდა მოვლენები შარშან ყაზბეგში, გველეთის ჩანჩქერზე მსგავს შეკრებაზე... იყო უზომო სმა, ორგიები, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ახალგაზრდები გაუგონარ საქციელებს სჩადიოდნენ - კლდეებიდან მაშველებს ჩამოჰყავდათ, ბილწავდნენ ხატისკარებს, ნიშებს, არბევდნენ სალოცავებს, სადაც მთიელები ხატობებს მართავენ ხოლმე, სექსით იყვნენ დაკავებულები ყველა ხის ძირში და ამას ყველაფერს ვუყურებდით ჩვენ ადგილობრივებიც და ტურისტებიც... აქ მთა არის, გენაცვალეთ, მთა, რომელმაც აქამდე მოიტანა ყველაფერი, რითიც ახლა ასე მიმზიდველია დამთვალიერებლებისთვის...
რაც შეეხება ადგილობრივებს, ჩვენი ბიჭები სხვა მორალით და სხვა შეგნებით იზრდებიან და სხვა მენტალიტეტი აქვთ გენში, გაიგეთ ხალხო, საკუთარის დასაცავად სიკვდილზე წავლენ და არც დაფიქრდებიან, ასე რომ, მეტი დაფიქრება და მეტი გონიერება გმართებთ, ვინც რამე საწინააღმდეგოს აპირებთ მთასთან დაკავშირებით...", - წერს მთისა ყველაშვილი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე ზაგაშვილის განცხადებით, Mountain Set: Kazbegi-ის ფესტივალის ტერიტორიის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც მერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა გამართულიყო, მოსახლეობასა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ინციდენტი მოხდა, დაზიანდა მუსიკალური ფესტივალის ჩატარებისთვის განკუთვნილი ტექნიკაც.