19 წლის მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
"ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობია დაშავებულებს შორის. მათ შორის ჟურნალისტები, რომლებთანაც წლებია ვთანამშრომლობ, ვიცნობ, პატივს ვცემ და კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მტკივა მათთან ერთად, ისევე როგორც ძალიან მტკივა სრულიად უცნობი ადამიანების ტკივილიც.
შეიძლება ეს არ იყოს მათთვის ბოლომდე ნუგეში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის საუკეთესო კლინიკებში, რომ მათი ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად აღდგენილი, მათ შორის იმ გოგონასი, რომელიც დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ყველა ადამიანს ჩაუტარდება მაქსიმალური მკურნალობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს. 19 წლის მაკო გომურმა „ნიუ ჰოსპიტალის" შენობა ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. გომურს საავადმყოფოსთან გულშემატკივრები ყვავილებით და ბუშტებით დახვდნენ და საჩუქრად კნუტი გადასცეს.
"ვდგავარ მყარად და მინდა თქვენც დაგანახოთ, რომ მყარად ვდგავარ. არ შევწყვეტ ბრძოლას ჩემი ჯანმრთელობის გამო, რომ მივიყვანო ყველაფერი ბოლომდე და დავიბრუნო ჩემი პატარა თვალი," - განაცხადა მაკო გომურმა.