რამდენიმე დღის წინ სპორტის ქართველი ქომაგების ყურადღება ბრუკლინის "ბარკლაი სენთერში" NBA-ის 2019 წლის დრაფტისკენ იყო მიპყრობილი. მასში ქართველი ცენტრი გოგა ბითაძეც მონაწილეობდა, რომელიც მწვანე ოთახში მიიწვიეს, სადაც ტოპ-კალათბურთელებს ეპატიჟებიან. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გოგა პირველ ათეულში თუ არა, ოცეულში უნდა აერჩიათ.
ასეც მოხდა, მე-18 ნომრად გოგა "ინდიანა პეისერსმა" აირჩია, სადაც ის ცენტრის პოზიციაზე ითამაშებს.
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დრაფტზე ბოლოს 2012 წელს გამოცხადდა ქართული გვარი, როდესაც "ფილადელფიამ" დრაფტზე თორნიკე შენგელია აირჩია და უმალ "ბრუკლინს" დაუთმო. მანამდე კიდევ ოთხი ჩვენიანი აირჩიეს NBA-ს დრაფტზე: 1998 წელს ვლადიმერ სტეფანია, 2002 წელს ნიკოლოზ ცქიტიშვილი, 2003 წელს ზაზა ფაჩულია, 2004 წელს ვიქტორ სანიკიძე. შესაბამისად, გოგა ბითაძე მეექვსე ქართველია, რომელიც NBA-ში ითამაშებს.
გოგა 20 წლისაა. ის 1999 წლის 20 ივლისს, საგარეჯოში დაიბადა. ახალგაზრდა სპორტსმენის სიმაღლე 2 მეტრი და 11 სანტიმეტრია, 111 კილოგრამს იწონის.
კარიერის ადრეულ წლებში ბითაძე ვარჯიშობდა და იწვრთნებოდა ქართული კლუბის, "ვითა თბილისის" უმცროს დივიზიონში. 16 წლისა მოხვდა "მეგა ბიმაქსში", გუნდში, რომელიც მის აგენტს ეკუთვნის. 2018 წლის 20 დეკემბერს მეგა ბემაქსმა ბითაძე გაანათხოვრა მონტენეგროს გუნდ "ბუდუჩნოსტში", სადაც პირველ თამაშში, ქართველმა დააგროვა 12 ქულა და 4 მოხსნა „Krka“-ის წინააღმდეგ. ოთხი დღის შემდეგ შედგა ბითაძის დებიუტი ევროლიგაში, სადაც მოიპოვა 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება, თუმცა გუნდი ბაიერნ მიუნხენთან ანგარიშით 93-88 მაინც დამარცხდა.
13 თამაშის შემდეგ, სეზონში ბითაძე საშუალოდ აგროვებდა 12.1 ქულას, 6.4 მოხსნას და 2.3 დაფარებას; ამ შედეგით მან მოიპოვა ევროლიგის ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავის ჯილდო. ევროლიგის სეზონის ამომავალი ვარსკვლავი ხდება კალათბურთელი, რომელსაც ლიგის მთავარი მწვრთნელები ირჩევენ, 22-წლამდელი კალათბურთელებისგან. 16 გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ, სწორედ ქართველი კალათბურთელი აირჩია. ის პირველი ქართველია, ვინც ეს ტიტული მოიპოვა!
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში ბითაძის კარიერას, ის ნაკრებში პირველად გამოიძახეს "ევრობასკეტ 2017"-ზე, მაგრამ ტრამვის გამო მთელი ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, იგი ამბობდა, რომ მოედნის გარედანაც ბევრის სწავლა მოახერხა ვეტერანი კალათბურთელების, ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინისაგან. 2017 წლის 24 ნოემბერს შედგა ბითაძის დებიუტი FIBA-ის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, სადაც 17 წუთში მან 4 ქულის მოპოვება მოახერხა.
ინდიანაპოლისში ჩასვლის შემდეგ, გოგა ბითაძემ და გუნდის პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ქართველმა კალათბურთელმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და საკუთარი პოზიცია რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებითაც დააფიქსირა.
"9 წლისა ვიყავი, საქართველოში რუსეთის ჯარი რომ შემოვიდა. ომი იყო. მას ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს. ასეთ დროს, მოგეხსენებათ, ცხოვრებაც მძიმდება. თუმცა, საქართველო პატარა ქვეყანაა და გაჭირვებამ ხალხი ერთმანეთთან კიდევ უფრო დააახლოვა.
ამერიკელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ - რთული ხომ არ იქნება 19 წლის ბიჭისთვის ამერიკასთან ადაპტაცია...
- 15 წლისა ვიყავი საქართველოდან სერბეთში რომ გადავედი. ოჯახს მოწყვეტით უცხო გარემოსთან შეგუება, მარტო ცხოვრება ძალიან რთული იყო. მითუმეტეს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. თუმცა ცხოვრების ახალ სტილსაც შევეგუე და არც ამერიკაში გამიჭირდება ცხოვრება. ვთვლი, რომ NBA-სთვის მზად ვარ როგორც სათამაშოდ, ასევე მენტალურად!" - თქვა გოგა ბითაძემ.
ცოტა ხნის წინ ამერიკული სპორტული გამოცემა „სპორტს ილუსტრეიდის“ ჟურნალისტი ჯერემი ვუ ბითაძეზე წერდა: "ქართველ ცენტრს ზურგს შთამბეჭდავი სეზონი უმაგრებს „მეგა ბიმაქსსა“ და „ბუდუჩნოსტში“. მას ყველაფერი უწყობს ხელს, რომ NBA-ის კარიერა წარმატებით დაიწყოს - სიმაღლე, მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება, კარგი გადაადგილება მოედანზე, სროლის უნარი" - წერდა ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი ქართველ "ამომავალ ვარსკვლავზე.