20 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ირაკლი ხვადაგიანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქციისას დაკავებული ყველა მოქალაქის მიმართ მექანიკური პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფო იყენებს შედარებით რბილ სადამსჯელო ზომებს და არ აღიარებს დაკავებულების მიმართ დარღვევას.
"ჩვენ ვნახეთ, რომ საქალაქო სასამართლოდან დაწყებული დღეის ჩათვლით, ეს არის ფიქტიური პროცესი და არანაირი სიახლოვე არ აქვს სამართლიანობასთან. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს არის ასეულობით ადამიანის მოცემულობა, რომლებიც ახლა სხედან იზოლატორში და ელოდებიან თავიანთ რიგს. ვხედავთ მექანიკურ მოვლენას სახელმწიფოს მხრიდან. შედარებით რბილ სადამსჯელო ზომებს და არაღიარებას ჩვენს მიმართ დარღვევას", - განაცხადა ხვადაგიანმა.
მან განმარტა სასამართლო დარბაზში გამოხატული პროტესტის არსი და აღნიშნა, რომ ლევან მურუსიძე არის ხელისუფლების ნების აღმსრულებელი მოსამართლე, ამიტომ არ უნდოდა მისი გათავისუფლების დოკუმენტზე მურუსიძის ხელმოწერა ყოფილიყო.
"პროტესტი არის ის, რომ როგორც მოქალაქე სასამართლოს პატივს ვცემთ, მაგრამ არ ვეთანმები მის გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც ბედის ირონიით სააპელაციო სასამართლოში ჩემი საჩივარი აღმოჩნდა ლევან მურუსიძის ხელში, რომელიც არის ხელისუფლების ნების აღმსრულებელი, ძალიან უსიამოვნო იყო და არ მინდოდა მისი ხელმოწერა ყოფილიყო ჩემს გათავისუფლებაზე. მას შემდეგ, რაც მან დამნაშავედ მიმიჩნია, ასე თუ ისე, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა", - განაცხადა ხვადაგიანმა.
ცნობისთვის, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე დაკავებულები - ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კერძოდ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ იოსებ თხელიძე, ირაკლი ხვადაგიანი და ცოტნე ცხვედიანი სამართალდამრღვევია წარდგენილ ბრალდებაში და მათ განესაზღვრა 3-3 დღე-ღამის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა. შესაბამისად, სამივე პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს, შესაბამისად, 9,11,12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჰქონდათ შეფარდებული.
ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.