"რას უნდა ელოდოს საქართველო ხვალ რუსეთისგან?" - ეს არის კითხვა, რომელსაც ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების გამო როგორც ქართველი, ისე რუსი პოლიტოლოგები სვამენ.
"ეტყობა, კრემლმაც დაიჯერა, რომ პროტესტი მართლა ინგლისურენოვანი ინსტრუქტორების შეკვეთით დაიწყო და საპასუხო ღონისძიებებს მიმართა - პუტინმა ფრენები აკრძალა, ასევე, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, შინ დაბრუნებისკენ მოუწოდა. ერთის მხრივ, ეს უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა, გამართლებულიც იყოს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად კორექტულია იურიდიულად პრეზიდენტის მხრიდან, რომ კერძო კომპანიებს სხვა ქვეყანაში ფრენებს უკრძალავს" – ამბობს საქართველოში მცხოვრები რუსი პოლიტოლოგი ვიტალი შკლიაროვი.
"თბილისო, მშვიდობით?" – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა novayagazeta.ru მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც 20 ივნისს, საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა.
novayagazeta.ru-ს ცნობით, თბილისში მცხოვრები რუსებისთვის პუტინის ბრძანება და "ევაკუაციის" შესახებ ინფორმაცია ნამდვილი შოკი იყო.
"ფრენების აკრძალვა, რასაკვირველია, დარტყმაა საქართველოსთვის და ტუროპერატორებისთვის, რადგან საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 5 მილიონი რუსი ჩადიოდა. მხოლოდ გასულ წელს იქ 8,7 მილიონი რუსი ჩავიდა. თუმცა, მათი დიდი ნაწილი აზერბაიჯანიდან ჩადიოდა. ამასთან, Forbes Georgia–ს ცნობით, რუსი ტურისტი ერთ ჩასვლაზე იქ 1,5 ათას ლარს ხარჯავდა, რაც მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკისთვის არც ისე ცოტაა. თუმცა, ფრენების აკრძალვის მიუხედავად, იქ რუსები მაინც ივლიან, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში წასასვლელად უკვე სხვა გზებს ეძებენ" – წერს novayagazeta.ru, რომლის ცნობითაც, კრემლი გაცილებით უარესს აკეთებს, როდესაც ადამიანური ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს.
znak.com–ის ცნობით, "ფრენების აკრძალვა – ეს არის ქართველების შეშინება, შენიანების დასჯით". გამოცემის მთავარი რედაქტორის, დმიტრი კოლეზევის თქმით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად რუსი ტურისტების თქმით, მათ საქართველოში არავითარი საფთხე არ ემუქრებათ.
"მეტიც, მათი ინფორმაციით, ამ შეზღუდვებით მხოლოდ ქართველები კი არა, რამდენიმე მილიონი რუსიც ზარალდება, რომლებიც სტუმართმოყვარე საქართველოში მოგზაურობას და დასვენებას შეეჩვივნენ. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა იყო და მათ იქ ყოველთვის კარგად ხვდებოდნენ. ასე რომ, თავად რუსეთში კრემლის საწინააღმდეგო აქციებს უნდა ველოდოთ," – წერს ის.
კიდევ ერთი პოლიტოლოგის გლებ პავლოვსკის პოზიციის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ხალხი დასასვენებლად სხვაგან, მაგალითად, ყირიმში წავა.
rtvi.com-თან საუბარში ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსი ანდრეი პივოვაროვი აცხადებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად ასობით ათასი რუსი ტურისტი ჩადის. "იქ 4-5 ჯერ ვიყავი და ჩემი მისამართით ცუდი სიტყვა ერთხელაც არ მომისმენია. ასე რომ, ეს აკრძალვა, ქართველების კი არა, რუსების დასჯაა," – ამბობს ის.
პოლიტოლოგ გლებ პავლოვსკის განცხადებით, ფრენების აკრძალვა "მოულოდნელი საჩუქარია", თუმცა რუსეთი შეეცდება ის მასშტაბური გახადოს, რაც დემონსტრანტებს კიდევ უფრო გააღიზიანებს და ესკალაცია გაგრძელდება.