მსახიობი ნინო კასრაძე "ფეისბუქის" საშუალებით რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს რობერტ სტურუას მიმართავს და მის განცხადებას ეხმაურება თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სტურუამ ბოლოდროინდე მოვლენებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა: "ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!"
სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა ნინო კასრაძე, საკმაოდ ემოციური პოსტით:
"ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ... მაგრამ დღეს (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში) არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით... მესმის, რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია, მესმის რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია, ჰოდა, ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით...
ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები, ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები. ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს, რომელზეც ყველა ვოცნებობთ. მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ, მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?!
მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს, ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის... პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება - უკომპრომისო, პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა...
25-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი. პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”! საქართველო იყო, არის და იქნება!!!!" - წერს ნინო კასრაძე სოციალურ ქსელში.