21 წლის სტუდენტს, დათო ქურდოვანიძეს, რომელიც 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შემდეგ დაშავდა, ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს.
ქურდოვანიძე ერთ-ერთია იმ მძიმედ დაშავებულთა შორის, რომელსაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში პაციენტის მეგობარი ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
ფოტოებში, რომლებიც ახალგაზრდას მეგობრებმა საავადმყოფოს პალატაში გადაუღეს, ის მხნედ გამოიყურება და ფაქტია, თავს უკეთ გრძნობს.
"დათო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, 100%-იანი გრანტით, მეორე კურსის სტუდენტია. აქციის ღამეს დარბევაში მოყვა. თვალის დაბლა ძვალი აქვს ჩამსხვრეული და პლატინა ჩაუდგეს. თვალი გადაურჩინეს, მაგრამ ჯერ არ იციან მხედველობა აღდგება თუ არა.
თვალი უნდა ამოეღოთ, მაგრამ საბედნიეროდ გადაურჩინეს და არ ამოუღეს. ჯერ გადახვეული აქვს რამდენიმე დღე, რომ მოხსნიან მერე გაიგებენ, მხედველობა რამდენად აღდგება.
წესით ხვალ მოხსნიან და რენდგენს გადაუღებენ, მერე უკვე გადაწყვეტით გვეცოდინება, აღდგება თუ არა მხედველობა“ - უთხრა AMBEBI.GE-ს დათო ქურდოვანიძის მეგობარმა ანი ნონიაშვილმა.
დაშავებულის მეგობარმა, სოფო ლომსაძემ AMBEBI.GE-სთან დარბევის ღამის დეტალები გაიხსენა:
"დაშავებულები გამოჰყავდა, ხალხი ძირს ეყარა, მათ ეხმარებოდა წამოდგომაში და გაყავდა უსაფრთხო ადგილას. როცა უკან მიბრუნდა სხვა დაშავებულების გამოსაყვანად, მაშინ ესროლეს. ამბობს, რომ დამიზნებით, თვალში ესროლეს" - ყვება 21 წლის სტუდენტის მეგობარი.
აქციის დარბევის დროს, ქურდოვანიძეს თვალის არეში, სავარაუდოდ რეზინის ტყვია მოხვდა. დარბევის ღამეს გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ სამართალდამცველებს დასისხლიანებული სტუდენტი გამზირიდან.
ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს კიდევ ერთ დაზარალებულს, 24 წლის დემეტრე ნაყოფიას, რომელმაც პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს უმძიმესი დაზიანება მიიღო. მას აქციის დარბევის დროს თვალის არეში რეზინის ტყვია მოხვდა.
20 ივნისის ღამის აქციის დარბევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის 80 პოლიციელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუას თქმით, უმრავლეს შემთხვევაში დაშავებულებს აღენიშნებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. მისივე თქმით, ორმა ადამიანმა შემთხვევის შედეგად თვალი დაკარგა.