გუშინ სისხლი დაიღვარა, რაც ბუნებრივია, ამ ხელისუფლებას ყოველთვის უკან დახევს, - ამის შესახებ მამა პეტრე კოლხმა, „ინტერპრესნიუსთან", პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება ყოველთვის იმით იწონებდა თავს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით არ იქნებოდა მოძალადე, თუმცა, "ჩვენ დავინახეთ, რომ გუშინდელი მოვლენების გამო, რამდენიმე ახალგაზრდამ თვალის ჩინი დაკარგა".
"მე ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. დღევანდელი ხელისუფლება ყოველთვის იმით იწონებდა თავს, რომ წინა ხელისუფლებისგან გასხვავებით არ იქნებოდა მოძალადე, არ იქნებოდა დიქტატორი, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, გუშინდელი მოვლენების გამო, რამდენმა ახალგაზრდამ დაკარგა თვალის ჩინი. გუშინ სისხლი დაიღვარა, რაც ბუნებრივია, ამ ხელისუფლებას ყოველთვის უკან დახევს და პირველ რიგში, საკუთარ თავს დააზარალებს. სწორედ ამან გამოიწვია პროტესტი დღევანდელ დღეს და გამოიწვევს მომავალშიც", - განაცხადა მამა პეტრემ "ინტერპრესნიუსთან".
რაც შეეხება სტუდენტების დღევანდელ აქციას, მამა პეტრეს თქმით, "ახლა დროა, რომ ახალგაზრდობა გაემიჯნოს იმ პოლიტიკურ სიბინძურეს, რომელიც მხოლოდ თავისი ინტერესებისთვის იბრძვის და რომლებსაც ნაკლებად აინტერესებთ ქვეყნის კეთილდღეობა“.
"მე შემოვუერთდი ახალგაზრდების აქციას, ვინაიდან, მე მინდა, ეს ახალგაზრდობა, ეს შემართება, რომელიც აქ, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში დაფიქსირდა, არც ერთმა პოლიტიკურმა სპექტრმა და პარტიამ არ გამოიყენოს", - განაცხადა მამა პეტრემ.