ზუგდიდელ მსახიობს დემეტრე ნაყოფიას, რომელიც გუშინ პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციაზე დაშავდა, თვალი შეუნარჩუნდა.
თბილისში, რეგიონულ ჰოსპიტალში ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ექიმებმა ახალგაზრდას თვალი შეუნარჩუნეს და ახლა მისი ფუნქციის აღდგენაზე მუშაობენ - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ნაყოფიას მეგობარი ესაუბრა.
"ძალიან რთული ოპერაციაა. თითქმის 4 საათია მიმდინარეობს და როგორც ვიცი, მუშაობს სამი ქირურგი. საბედნიეროდ თვალი შეუნარჩუნდა დემეტრეს. ახლა მიდის მუშაობა, რომ მხედველობა აღუდგეს. მადლობა ექიმებს, რომლებმაც, ფაქტობრივად, სასწაული ჩაიდინეს!" - ამბობს ნიკა ლაშხია.
ზუგდიდელი მსახიობი გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე აქციის დარბევის დროს დაშავდა. მას რეზინის ტყვია მარცხენა თვალში ჰქონდა მოხვედრილი.
დღეს "ფეისბუქში" გავრცელდა დემეტრე ნაყოფიას ფოტო და ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ მან რეზინის ტყვიით მიყენებული ტრავმის შედეგად თვალი დაკარგა, თუმცა საბედნიეროდ, ექიმებმა მისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს.