ავტორი:

რა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელმაც თბილისში საპროტესტო ტალღა ააგორა

რა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელმაც თბილისში საპროტესტო ტალღა ააგორა

საქართველოში მეორე დღეა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართება. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის 100 დელეგატი ეწვია, რომლებმაც დღეს საქართველოს პარლამენტში საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია გახსნეს.

სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, რუსეთის წარმომადგენელი და ასამბლეის პრეზიდენტი. გავრილოვმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რამაც ქართულ საზოგადოებაში უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო ტალღა აგორდა და მოქალაქეებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკეს.

დავინტერესდით, რა არის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, ვინ არიან მისი წევრები და რატომ იმართება ღონისძიება საქართველოში, მაშინ როცა უმაღლესი პირები მის ქვეყანაში ჩატარებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

ასამბლეის საქართველოში ჩატარების შესახებ ინფორმაცია პირველად 2017 წლის ივლისში გაჟღერდა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება რომში მიიღეს.

მაშინ ქუცნაშვილი ამბობდა, რომ ასამბლეის ჩატარება საქართველოში უმნიშვნელოვანესი იყო რამდენიმე მიზეზით: ეს გაზრდიდა ქვეყნის ცნობადობას და რელიგიური ტურიზმისადმი ინტერესს, ამასთან, ეს იქნებოდა დამატებითი პლატფორმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

"ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საზღვრებთან ერთად აღიარებს და იცავს საეკლესიო საზღვრების მთლიანობას, ეს არის მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი იმისა, რომ მოსკოვის პატრიარქმა კირილმა არ აღიარა რეგიონების ეკლესიების დამოუკიდებლობა.

მან თავიდან ბოლომდე დაიცვა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია, თუმცა გვაქვს მეორე სამწუხარო პრაქტიკა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მედვედევ-პუტინის სახით არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა, რომ ეკლესიის წარმატებული მაგალითი გამოყენებული იყოს საერო ხელისუფლებასთან მიმართებაშიც“, - აცხადებდა ზაქარია ქუცნაშვილმა 2017 წელს.

საქართველოს პარლამენტს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს. დელეგაციას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ადა მარშანია, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ზვიად ძიძიგური და გედევან ფოფხაძე არიან. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 25 წევრი ქვეყნისგან შედგება. მათ შორისაა: ალბანეთი, სომხეთი, ბელორუსი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, ლატვია, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა, კვიპროსი და სხვა ქვეყნები.

ასამბლეა 1994 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის მიზნებშია აღნიშნული, ასამბლეა უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციას წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს შორის, ქრისტიანობის პრინციპებისა და ფასეულობების დაცვით.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ყოველწლიურად ივნისის თვეში იკრიბება. გასულ წელს ჩატარებულ 25-ე სესიას საბერძნეთმა, ათენმა უმასპინძლა.

წელს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა - "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში“.

აღსანიშნავია რომ, პარლამენტის ვებ-გვერდზე იძებნება 19-22 ივნისის ღონისძიების განრიგი, რომელშიც საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სამდღიანი პროგრამაა გაწერილი. პროგრამის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში დღევანდელი სესია მისასალმებელი სიტყვებით უნდა გახსნილიყო, თუმცა გამომსვლელებს შორის გავრილოვის გვარი მოხსენიებული არ არის (იხილეთ სქრინი)

გენერალური ასამბლეის გახსნის ცერემონია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. ის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა, ფორუმის მონაწილეებს კი სიტყვით მიმართა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ, რომელმაც დამსწრეებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მიმართვა გააცნო.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები