„კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში დაწერა.
ის გამოეხმაურა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნას.
„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!“, - წერს თალაკვაძე.
„ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძე არ აკონკრეტებს, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მომხდარის გამო. მისი თქმით, ცხელ გულზე ამაზე საუბარი არ შეიძლება.
ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო, რომ სხდომა სერგეი გავრილოვს უნდა წაეყვანა.
ჟურნალისტების კითხვას, რატომ დააცადეს გავრილოვს სიტყვით გამოსვლა და თავიდანვე რატომ არ მოხდა რეაგირება, მამუკა მდინარაძე არ პასუხობს.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, როდესაც სურათს ვნახულობთ, სადაც რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და ასე მიჰყავს სხდომა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო შეუთანხმებელი. პროტოკოლის მიხედვით, სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას, რომელიც არის ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ასე იყო შეთანხმებული საქართველოს პარლამენტთან. რატომ მოხდა ისე, რომ გავრილოვი აღმოჩნდა სხდომის წამყვანის პოზიციაზე, მიუხედავად ამ ასამბლეაში მისი პოზიციისა, ამაში გავერკვევით დეტალურად.
სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და გაბედა და წაიყვანა ეს სხდომა, პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება. ხვალ სხვა სივრცეში გაგრძელდება ასამბლეის სხდომა. საქართველოს პარლამენტში აღარ და ვეღარ დაიშვება მსგავსი შეცდომა. ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.