რეანიმაციაში პაციენტების ახლობლების შეშვება მკაცრად კონტროლდება და კლინიკების უმეტესობაში აკრძალულიც კი არის. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის პაციენტსაც და მნახველსაც. თუმცა ზოგიერთი კლინიკის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რეანიმაციაში პაციენტის ახლობლების შეშვება საზიანო კი არა, ხშირ შემთხვევაში სარგებლის მომტანი და აუცილებელიც არის.
გერმანიაში, მრავალ კლინიკაში სწორედ ასეთი პრაქტიკაა და როგორც ჰოსპიტალის წარმოომადგენლები აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში გამოჯანმრთელების პროცესი დაჩქარებულია. რეანიმაციაში პაციენტების ახლობლების შეშვების პრაქტიკას ნერგავს „ნიუ ჰოსპიტალსიც“, რომლის სამედიცინო დირექტორს გიორგი კორძახიასაც სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ.
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მონახულება შესაძლოა სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს პაციენტის მდგომარეობას. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს?
არის შემთხვევები, როდესაც ეს მართლაც ასეა. თუმცა, უმეტესად პირიქითაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი გონზეა. ნებისმიერ შემთხვევაში, უკეთესია, როდესაც ახლობელი ავადმყოფის გვერდით არის და მას ამხნევებს, ხელს უჭერს, უბრალოდ გვერდით უზის, ესაუბრება მას. პაციენტი გონზეც რომ არ იყოს, ეს ემოციური კავშირი მაინც ეხმარება მას მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ხანდახან მსგავს მოვლენებს შეუძლია ადამიანზე გაცილებით უკეთესი გავლენა იქონიოს, ვიდრე სამედიცინო ჩარევამ. ჩვენ ემოციური არსებები ვართ და მსგავს მძიმე წუთებში აუცილებლად გვესაჭიროება, რომ ახლობელი ადამიანები გვყავდეს გვერდით.
პატარა ბავშვების რეანიმაციაში შეშვება თუ არის რეკომედირებული?
გააჩნია სიტუაციას. რა თქმა უნდა, უკეთესია, როგორც პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის. დაახლოებით 12 წლის შემდეგ უკვე მიზანშეწონილია ბავშვის რეანიმაციაში შეშვება. თუმცა არის რაღაც შეზღუდვები. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. გასათვალისწინებელია, რამდენად მზადაა პატარა, რომ ნახოს ის, რაც იქ დახვდება. თუ ძალიან მძიმე სიტუაციაა, უფლება არ გვაქვს ბავშვი რეანიმაციაში შევიყვანოთ. თუმცა, თუ რომელიმე მშობელი სასიკვდილო საფრთხის წინაშე დგას, აუცილებელია პატარამ მოინახულოს, რათა მთელი ცხოვრების მანძილზე ტრავმად არ დარჩეს. რთულია იწინასწარმეტყველო, ბავშვს რა რეაქცია ექნება, ამიტომ აუცილებელია წინასწარ მომზადებაც.
უფროსების შემთხვევაშიც აუცილებელია წინასწარ მომზადება?
დიახ, წინასწარ მომზადება აუცილებელია. შესაძლოა რეანიმაციაში ნანახმა მათზე უფრო ნაკლებად იმოქმედოს, ვიდრე ბავშვზე იმოქმედებდა. თუმცა ახლობელი ადამიანის რთულ მდგომარეობაში ხილვა ყველასთვის ძალიან რთულია. აუცილებელია, ექიმი ისე დაელაპარაკოს პაციენტის ახლობლებს, რომ მათ არ გაუჭირდეთ იმის აღქმა, რისი ხილვაც მოუწევთ. ეს მნიშვნელოვანია არამარტო მნახველებისთვის, არამედ თავად პაციენტისთვისაც, რადგან ახლობელმა ის უნდა გაამხნევოს და არა - პირიქით.
რომელ ქვეყნებშია დაშვებული პაციენტის ახლობლების რეანიმაციაში შეშვება?
გერმანიაში უკვე 20 წელზე მეტია, რაც ეს პრაქტიკა დამკვიდრდა. მოგეხსენებათ, ეს ქვეყანა მედიცინის მხრივ რამდენად განვითარებულია. მათ ზუსტად იციან, რამდენად დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს ახლობელმა ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, აქაც არის შეზღუდვები, ხანდახან შესაძლოა რეანიმაციაში ადამიანის შეშვებამ არამარტო პაციენტის, არამედ მნახველის ჯანმრთელობაც დააზიანოს. თუმცა ძირითადად ისინი ახლობლებს ავადმყოფის მონახულების ნებას რთავენ.
„ნიუ ჰოსპიტალსიც“ უკვე ამ პრაქტიკას მისდევს. რა წესების დაცვით ხდება რეანიმაციაში მნახველების შეშვება?
დიახ, დღეს „ნიუ ჰოსპიტალსშიც“ შეუძლიათ მსურველებს რეანიმაციაში პაციენტის მონახულება. რა თქმა უნდა, სპეციალური, უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს ეს პროცესი. „ნიუ ჰოსპიტალსი“ მუდმივად ზრუნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს და ამისთვის ყველა ხერხს მიმართავს. როგორც უკვე ვთქვით ემოციურ ფონს გამონჯანმთელებაში დიდი როლი აქვს. ახლობლების ნახვა კი პაციენტს ემოციურად მნიშვნელოვნად აძლიერებს.