გრანდიოზული შოუ და მუხტი, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში წამითაც არ განელებულა! ასეთი იყო Black Eyed Peas-ის კონცერტი და კიდევ ერთი მასშტაბური Check in-ი საქართველოში.
გუშინ, 16 ივნისს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენაზე”, "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში 2019 წლის სეზონი, ამერიკული მუსიკალური ბენდის Black Eyed Peas-ის კონცერტით გაიხსნა.
შოუ ვიზუალურად ძალიან ეფექტური იყო, შემსრულებლებმა როგორც მოსალოდნელი იყო თავი არ დაზოგეს და ბოლომდე დაიხარჯნენ.
ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი ჯგუფი საქართველოს ბოლო ალბომის - Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვია. ბენდმა ფაქტობრივად ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა - დაწყებული Where is the Love?-ით დასრულებული I Got the Feeling-ით. ალბათ, სწორედ ამით იყო გამოწვეული, რომ შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში ნამდვილი ცეცხლი დაინთო და ენერგეტიკა შოუს დასრულებამდე იგრძნობოდა.
„ბლექ სი არენა“ მსმენელებისთვის 18:00 საათზე გაიხსნა და ამერიკული ბენდის სცენაზე გამოსვლამდე შეკრებილების განწყობაზე როგორც დარბაზის გარეთ, ასევე შიგნით დიჯეები ზრუნავდნენ.
ამრიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი კი სცენაზე 22:00 საათზე გამოჩნდა და ნამდვილი ცეცხლი დაანთო პირველივე წამებიდან ცნობილი სიმღერა Let's Get It Started და დაიწყო და დაიწყო... ამას მოჰყვა ჯგუფის ყველა ცნობილი ჰიტი: Boom Boom Pow, Pump It, Don't Stop The Party, რომელსაც მსმენელი მოუთმენლად ელოდა.
ჯგუფის წევრებმა საქართველოთი აღფრთოვანება ვერ დამალეს და არც ქართველი გოგონების მიმართ დაიშურეს კომპლიმენტები:
"საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც მეორედ ჩამოსვლის სურვილი გვაქვს! ქართველი ქალები მშვენიერები არიან და როდესაც, დავბრუნდებით ჩვენ მეგობრებს აუცილებლად ვეტყვით ამას“ - ასე მიმართა Black Eyed Peas-ის ერთ-ერთმა სოლისტმა will.i.am-მა "ბლექ სი არენას" საკონცერტო დარბაზში შეკრებილ მსმენელებს.
კონცერტს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. მაყურებლისთვის მოულოდნელობა იყო და განსაკუთრებული ოვაცია დაიმსახურა სცენაზე 13 წლის ბიჭის გამოჩენამ, რომელმაც საკუთარი ცეკვით Black Eyed Peas-ის წევრების აღფრთოვანება და მათი ავტოგრაფიც დაიმსახურა.
"ამ კონცერტისთვის ჩამოვედი თბილისიდან, ეს ჯგუფი ძალიან მიყვარს და გამიმართლა რომ სცენაზე გავედი. ვუთხარი რომ ჩემი საყვარელი სიმღერა არის - be nice მათი ახალი ალბომიდან. მათ კი წარმატებები მისურვეს და ავტოგრაფიც დამიტოვეს მაისურზე" -ამბობს ჩვენთან საუბრისას 13 წლის სანდრო გოგიშვილი.
მაყურებლის შეუწყვეტელი ოვაციისა და I Got the Feeling-ის ფონზე ბენდის წევრები "ბლექ სი არენაზე" შეკრებილებს დაემშვიდობნენ იმ პირობით, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევიან. მათ კონცერტის დასრულების შემდეგ დასამშვიდობებელი ვიდეოც გამოაქვეყნეს, რომლითაც საქართველოს ძალიან დიდ მადლობას უხდიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონზე შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ კიდევ რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავს უმასპინძლებს. მათ შორის, 6 აგვისტოს Jesse J-ს, ხოლო 13 აგვისტოს 30 seconds to mars-ის კონცერტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ჯგუფთან ერთად საქართველოს ჯარედ ლეტოც ეწვევა.
ავტორი: თაია არდოტელი