ავტორი:

"პეიზაჟს აკლია საშაურმე" - ვინ მოაწყო გერგეტის სამების ტაძართან პარკირება, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

"პეიზაჟს აკლია საშაურმე" - ვინ მოაწყო გერგეტის სამების ტაძართან პარკირება, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეტის სამების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ავტომანქანების სადგომის ფოტომ, რომელიც "ფეისბუქში" გარცელდა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კადრი ფოტოგრაფმა ანზორ მეხრიშვილმა რამდენიმე დღის წინ გადაიღო, როცა ყაზბეგში ტაძრის და მყინვარის ხედებს აფიქსირებდა.


ფოტომ ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე პარკინგის მოწყობას და ტურისტული ადგილის იერსახის დამახინჯებას აპროტესტებს:


"ყველაფერს აქვს საზღვარი, უტიფრობასაც, უვიცობასაც და უსიყვარულობასაც - ეს უკვე მოღალატეობაა... ვინმეს მაინც თუ კითხეს ვისაც ძეგლებთან შეხება ჰქონია?" - წერს "ფეისბუქზე“ ინტერნეტმომხმარებელი ნინო ეგაძე.


„რა ლამაზი სადგომია, ლაუნჯი არ ჩაიდგმება მანდვე? ლაუნჯი და ფენოვანები, რუს ტურისტებს ესიამოვნებათ“, - წერს ტელეწამყვანი დავით კოვზირიძე.


"ის რითაც ასე ვამაყობდით და საქართველოს ერთგვარ სავიზიტო ბარათსაც კი წარმოადგენდა... ასე ერთი ხელის მოსმით დავამახინჯეთ. უტიფრობის, უვიცობის, არაპროფესიონალიზმის სრული ბენეფისი. დამახინჯდა ხედი რომელიც ასერიგად გვიყვარდა ჩვენ და უყვარდა მსოფლიოს..";


„პეიზაჟს აკლია მარკეტი ან საშაურმე“;


"ამაზრზენებო! უმადურებო თქვენი ქვეყნის სილამაზის! ღორებო და ვერ გამძღარო ადამიანებო! ანადგურებთ ყველაფერს!";


"მთელი ლანდშაფტი გაუფუჭებიათ... რა ხალხი ვართ მართლა, საიდან მოვედით";


"ფუნიკულორი/ტრამვაი/საბაგირო/ლიფტი დაამონტაჟონ ბარემ და კომფორტულად ავლენ ტურისტები"; - წერენ აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები ფოტოს კომენტარებში.


იმის გასარკვევად, თუ ვისი ინიციატივით და რომელმა უწყებამ მოაწყო საპარკინგე სივრცე ეკლესიის მიმდებარედ, AMBEBI.GE რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა.


მათი ინფორმაციით, გერგეტის სამებაზე მისასვლელი გზის მშენებლობა გასულ წელს დაასრულა სსიპ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, რომელიც აღნიშნული პროექტის განხორციელების პერიოდში მაია ცქიტიშვილის უწყების დაქვემდებარებაში იყო. უშუალოდ პროექტი კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.


როგორც AMBEBI.GE-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, გერგეტის სამების მიმდებარედ მოწყობილი საპარკინგე ტერიტორია საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელებული გზის მშენებლობის ნაწილია. ამასთან, სამინისტროში განმარტავენ, რომ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ცოტა ხნის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.


კონკრეტულად, რა მიზანს ემსახურებოდა გერგეტის სამების ტერიტორიაზე საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა, ამ შეკითხვით AMBEBI.GE-მ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა.


ალექსანდრე ზაგაშვილი ხაზს უსვამს, რომ გერგეტის სამების ორ მონაკვეთში - გზის დასაწყისსა და უშუალოდ, სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, საპარკინგე ადგილის მოწყობა, ტურისტული თვალსაზრისით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება.


„აღნიშნული გზის პროექტი განახორციელა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. სამუშაოები დასრულდა წინა წელს. პროექტის მიზანი იყო, როგორც გზის დასაწყისში, ასევე, ზევით, მოწყობილიყო პარკინგი, რომელიც მანამდე ძალიან ქაოტურად იყო, სანახაობრივი არ იყო, მანქანები ძალიან ცუდად ჩერდებოდნენ.


ახლა ერთი ადგილი გამოიყო გერგეტის სამებასთან მისასვლელი გზის დასაწყისში და ზემოთაც, სადაც შეუძლიათ რომ გააჩერონ ტრანსპორტი და მოინახულონ სამება. მიზანი ეს არის, რომ ტურისტული თვალსაზრისით გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ალექსანდრე ზაგაშვილმა.

ფოტო: ანზორ მეხრიშვილი

ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წესი იცვლება -  რამდენად სამართლიანია სისტემა როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე