ავტორი:

"ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ნება" - ბაბუშერას აეროპორტს რუსები გაარემონტებენ?

"ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ნება" - ბაბუშერას აეროპორტს რუსები გაარემონტებენ?

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსები ახალი პროექტის დაწყებას აპირებენ. abkhaz-auto.ru-ს ცნობით, რუსი ბიზნესმენები სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავენ. ინტერნეტგამოცემის ცნობით, როგორც ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ ТАСС-სთან საუბარში განაცხადა, "ეს აფხაზეთის ეკონომიკის გადასარჩენად აუცილებელი ნაბიჯია".

"არ მინდოდა მოვლენებისთვის გამესწრო, მაგრამ გარკვეულ გეგმებს გაგიმხელთ, - იმისთვის, რომ აეროპორტმა იმუშაოს, ინფრასტრუქტურა მთლიანად უნდა შეიცვალოს. უკვე ნაპოვნია მსურველები, რომლებიც ავიარეისებშიც ჩადებენ ფულს, თუმცა, მიზეზთა გამო, მათ გვარებს არ დავასახელებ. გეტყვით, რომ ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ნება", - განაცხადა ბგანბამ პეტერბურგში გამართულ "ეკონომიკის საერთშორისო ფორუმზე" დასწრების შემდეგ.

აფხაზური მედიის ვარაუდით, ფორუმზე სწორედ რუსული ინვესტიციის დახმარებით, აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების გეგმებზე ისაუბრეს. რეგიონში დაგროვილი პრობლემების მოგვარება კი, აეროპორტის აღდგენით დაიწყეს.

ბგანბას თქმით, "პროექტზე შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა, როდის დასრულდება, ამაზე საუბარი ძნელია. შესაძლოა, მომავალ წელს სოხუმის მიწაზე თვითმფრინავი დაფრინდეს".

აფხაზი პოლიტიკოსის ცნობით, სოხუმის აეროპორტი ბევრად უფრო მოხერხებულია, ვიდრე სოჭის, რადგან ზღვის მხარეს შესასვლელი აქვს და საბჭოთა კავშირის დროს, სოხუმის აეროპორტს წამყვანი პოზიცია ეკავა.

"შესაძლოა, ასაფრენი ბილიკი გარემონტდეს, მაგრამ თავად აეროპორტის შიდა ინფრასტრუქტურა მთლიანად უნდა შეიცვალოს, რაც საშუალებას მოგვცემს საჰაერო მიმოსვლა გავაუმჯობესოთ. სარემონტო სამუშაოების გარდა, რუს კოლეგებთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ფრენის ნებართვასთან დაკავშირებით", - ამბობს ბგანბა.

საუბარია სოხუმის აეროპორტზე, რომელიც ქალაქიდან 18 კილომეტრის დაშორებით, გულრიფშის სოფელ ბაბუშერაში მდებარეობს და ფუნქციონირება ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ შეწყვიტა.

ბაბუშერას ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 3,6 კილომეტრია. აფხაზური მედიის ცნობით, თავის დროზე, აეროპორტი პრაქტიკულად, ყველა სახის სამოქალაქო თვითმფრინავებს იღებდა, როგორც ზღვის, ასევე მთების მხრიდან.

"იმ წლებში ტერმინალი ზაფხულში, ზღვის სეზონზე დღე-ღამეში 5 ათასამდე მგზავრს ემსახურებოდა, ზამთარში კი ათასს", - წერს აფხაზური მედია, რომელიც ბგანბას პროექტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და მას არასერიოზულს უწოდებს.

"საერთაშორისო ფრენების ამუშავებაზე ლაპარაკობს ქვეყნის ხელისუფლება, რომელმაც XXI საუკუნეში დენით ვერ უზრუნველყო მოსახლეობა. თუნდაც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მთელი ქვეყანა უშუქოდ იყო. როცა გვაქვს, მაშინაც იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება გვიხდის დენის ფულს, თუმცა, ეს ხომ ძველი ამბავია და ამაზე საუბარი არაპოპულარულია", - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი "ნიკიტა სუხუმსკის" ფსევდონომით.

"აეროპორტი კი არა, რკინიგზის სადგურები ვერ გაგირემონტებიათ, ამდენი წელია. გაიარეთ სოხუმსა და გაგრაში, რამდენიმე გარემონტებული ქუჩის გარდა, ნახეთ რა ხდება. ქაღალდზე დაწერილი პროექტი უამრავი გვინახავს და უკვე ვიცით, რას ემსახურება ეს ყველაფერი - ხაჯიმბას კიდევ ერთი ვადით არჩევას", - წერს ვალერი ჩიბისოვი.

"ვინმემ რომ გკითხოთ, დაუღალავად იბრძვით იმისთვის, რომ უძრავი ქონება რუსების ხელში არ აღმოჩნდეს და აეროპორტს ყიდით რუსებზე? ვითომ აქამდე არაფერი გაგეყიდოთ. თურქ ბიზნესმენებს იარაღით და "კანონიერი ქურდების" საშუალებით დასდევთ და რუსებს უფროსად გვისვამთ?", - ამბობს ბორის ჩუკბარი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი