ავტორი:

ფოტო აფხაზეთიდან, რომელშიც მკითხველმა საკუთარი სახლი ამოიცნო - "იქ, ჩემი ბედნიერი ბავშვობა დარჩა..."

ფოტო აფხაზეთიდან, რომელშიც მკითხველმა საკუთარი სახლი ამოიცნო - "იქ, ჩემი ბედნიერი ბავშვობა დარჩა..."

რამდენიმე დღის წინ AMBEBI.GE-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველების ნასახლარების გარშემო ატეხილ დავას ეხებოდა. სტატიაში გამოყენებული იყო რუსი ფოტოგრაფის, იური კოლტირევის ფოტო, რომელიც გასულ წელს, ოკუპირებულ სოფელ ილორშია გადაღებული.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მკითხველი გამოგვეხმაურა, რომელმაც ფოტოზე თავისი სახლი ამოიცნო. სახლი კოლტირევმა რამდენიმე წლის წინ გადაიღო, როცა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის თარიღთან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონზე ფოტობლოგი - “დაკარგული სამოთხე" მოამზადა.

აი, რას უყვება სოფელ ილორში მდებარე სახლის ერთ-ერთი პატრონი მაია კირცხაია AMBEBI.GE-ს:

- არ ვიცი როგორ გადმოგცეთ ის ემოცია, რომელიც ფოტოს დანახვისას დამეუფლა! ეს სახლი, უმრავლესობისთვის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, ჩემთვის კი უდარდელი ბავშვობის, ბედნიერი წლების ტკივილით სავსე მოგონებაა. ბებოს სახლი, სადაც ყოველ ზაფხულს ვატარებდით, ხეებზე შტაბებს ვაშენებდით, თხილის ტოტებისგან მშვილდისრებს ვთლიდით, ივნისის ჭექა-ქუხილის გვეშინოდა და ვერ ვიძინებდით...

ფოტოგრაფ იური კოლტირევის ფოტო

სახლი, რომლის კიბის საფეხურებზე ჩამომსხდრები ცაში თანავარსკვლავედებს ვეძებდით და "ირმის ნახტომის" სილამაზით ვტკბებოდით. ჭიაკოკონობა, ნედლი თხილი, ბებოს ახალამოყვანილი ყველი, ღვეზელები, უგემრიელესი ლეღვი და მეზობლების უგემრიელესი მუშმალა, მსხალი და "რწყავი"... ეს ხილი მხოლოდ დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში ხარობს - ყურძენივით დახუნძლული ტოტებით, ეთერზეთებით სავსეა. ფოთლები კი მარადმწვანეა, ძალიან მიყვარდა! ხელებს, პირს, კბილებს გვიშავებდა...

იმ სახლის ეზოში კოცონს ვანთებდით, კარტოფილსა და სიმინდს ვწვავდით... აივანზე მოგროვებულ თხილს აშრობდნენ, იმ დროს გავლა გვეკრძალებოდა, მაგრამ მაინც გადავირბენდით - თხილის თხელი კანი ტყდებოდა და წკაპაწკუპი გაუდიოდა. ეზოში საუკეთესო ჯიშის, "შამპანურის" ვაშლის ხე იდგა... ეს ის მცირედია, რაც მომაგონდა, ვიღაცისთვის მცირედი, ჩემთვის კი უდიდესი მონატრება...

ფოტოზე ეზო ჩვენსას არ გავს - არც ლამაზი ვარდებია და არც ბალახის ბილიკები, არც პალმის ხეა, რომელიც ამშვენებდა იქაურობას... ძალიან ლამაზი, ვარდებიანი ეზო გვქონდა დეკორატიული ბალახით, რომელიც გაველურებულია...

ფოტო დეტალურად დავათვალიერეთ, მამას აივანზე განათების განლაგებაც კი ახსოვდა, მარცხენა მხარეს წყლის ავზი ჩანს, რომელიც ბიძაჩემმა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაამონტაჟა. უკაცო სახლი ხომ იცით რა საცოდავია, დროის ულმობლობა მასზე მძიმედ ასახულა... ეტყობა, ძლიერმა ქარმა ფანჯრები მოგლიჯა.

- როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ის, ვინც თქვენს ეზოში ბალახს თიბავდა?

- მდინარე ღალიძგის ხიდი ილორსა და ოჩამჩირეს ჰყოფს და იმ ადგილას იყო ჩვენი სახლი. მრავალეროვანი ქუჩა იყო - ქართველები, აფხაზები, რუსები და ქართველები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ... ის კაცი, ვინც ფოტოზე ჩანს, ვივარაუდეთ, რომ ორი სახლის იქით მცხოვრები რუსი იყო, რადგან გადმოცემით ვიცოდით, რომ ისინი ცხოვრობდნენ ჩვენს სახლში. მამამ დაწერა კიდეც და დევნილებს, ჩვენს გარემოცვას მიმართა - ამ ფოტოზე გამოსახული კაცი ვინმეს ხომ არ გეცნობათო... თუმცა, არაფერი ვიცით.

- თქვენს ოჯახს აქვს ენგურს იქეთ ვინმესთან ურთიერთობა?

- ძალიან იშვიათად. ამას წინათ ჩვენი ახლობელი იყო, ვიდეო გადაიღო, თბილისის გზატკეცილზე ანუ თბილისსა და სოხუმის ცენტრალურ გზაზე მოუწია გადაადგილება. ბოლო წლებში, მან ცენტრალური გზის ფუნქცია ნაწილობრივ დაკარგა, რადგან სხვა გზაც გაიყვანეს.

ჩვენთან ახლოს სამხედრო ნაწილი მდებარეობდა, ისინი მოჰყავდათ, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა. სამხედროებს საცხოვრებელი კორპუსებიც ჰქონდათ. იმ ნაწილს საკმაოდ დიდი ფართობი ეკავა და პლაჟზე მოსახვედრად ხიდზე გადასვლა გვიწევდა, იმ ადგილას, სადაც ქვიშა იყო. მოშორებით სანაპიროზე უკვე წვრილები კენჭები ეყარა... ახლაც მახსოვს იმ ზღვის სუნი - არც ერთ სანაპიროზე არ არის ისეთი სურნელი, როგორიც იქ იყო.

ბებიას ალცჰაიმერის დაავადება დაემართა. თითქმის არაფერი ახსოვდა, თუმცა ოჩამჩირე, ილორი და თავისი სახლი ჩარჩა გონებაში. ჩანთაში ბარგი ჩალაგებული ჰქონდა და ამბობდა - ჩემს სახლში მივდივარო... ალბათ ოდესმე მართლა წავალთ...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ