ავტორი:

რა უნდა იცოდეს იარაღის გაფორმების მსურველმა - ვის მოუწევს გამოცდის ჩაბარება და რა ღირს პროცედურა

რა უნდა იცოდეს იარაღის გაფორმების მსურველმა - ვის მოუწევს გამოცდის ჩაბარება და რა ღირს პროცედურა

საქართველოში ოფიციალურად 224 500 ერთეული იარაღია დარეგისტრირებული. ბოლო სამი წლის სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს მოქალაქეებმა გააფორმეს 112 065 ერთეული იარაღი, 2018 წელს - 11 940 ერთეული იარაღი.

თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, პნევმატური (აირის) იარაღი და სანადირო იარაღი - მოქმედი კანონმდებლობით ეს სამი კატეგორიის იარაღია სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული და მათი გაფორმების განსხვავებული პროცედურები მოქმედებს.

2015 წლიდან ყველა ტიპის იარაღის რეგისტრაციისთვის მოქალაქეს საჭირო დოკუმენტებთან ერთად გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაც ევალება. ერთადერთი იარაღი, რომელიც გამოცდის ჩაბარებას არ საჭიროებს, არის პნევმატური (აირის) იარაღი.

50 სანტიმეტრამდე პნევმატურ იარაღს არანაირი რეგისტრაცია არ სჭირდება. მისი შეძენა და ტარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ხოლო 50 სანტიმეტრზე მეტი ლულის მქონე პნევმატურ იარაღს დარეგისტრირება ესაჭიროება, დარეგისტრირება ხდება შენახვისა და ტარების უფლებით.

იარაღის შეძენის, შენახვისა და დარეგისტრირებისთვის საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით AMBEBI.GE ესაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს იმედა მაკასარაშვილს:

- 2015 წლიდან იარაღის დარეგისტრირების მსურველ პირებს ევალებათ გამოცდების ჩაბარება. რა უნდა იცოდეს იარაღის გაფორმების მსურველმა?

- საგამოცდო ტესტში სულ სამი კატეგორიაა. მოქალაქეს მოეთხოვება თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის მოხმარების წესები, რომელიც მოითხოვს შესაბამისი კანონების ზედმიწევნით ცოდნას. სამოქალაქო პირი უნდა ერკვეოდეს იარაღის სახეობებში და შეეძლოს მათი ერთმანეთისგან განსხვავება.

ასევე, უნდა იცოდეს, თუ რა შემთხვევაშია დასაშვები და დაუშვებელი თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. უნდა ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას დამზადებული იარაღის შემადგენელ ნაწილებზე. უნდა იცოდეს, სად შეინახოს მის სახელზე დარეგისტრირებული იარაღი.

რაც შეეხება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარების წესებს, იგი მოიცავს კანონებისა და სამედიცინო სამართლის ცოდნას. სამოქალაქო პირმა უნდა იცოდეს, რა ტიპის იარაღებზე გააჩნია ლიცენზია, უნდა იცოდეს, რა შემთხვევაშია დაუშვებელი იარაღის შეძენა და როდის უქმდება ლიცენზია. აუცილებლად უნდა ერკვეოდეს სანადირო იარაღის სხვადასხვა ტიპში და მოეთხოვება მათი სწორად შენახვის ცოდნა.

სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის წესები, რომელთა მიხედვითაც მოქალაქე უნდა ერკვეოდეს ყველა იმ შემაფერხებელ პროცესში, რის გამოც შესაძლებელია, ვერ მოიპოვოს იარაღის დარეგისტრირების უფლება. მან უნდა იცოდეს იარაღის სტრუქტურა, მოვლის, შენახვისა და გამოყენების წესები. რა აუცილებელი პირობების დაცვაა საჭირო ამ მხრივ და რისი ცოდნა მოეთხოვება მოქალაქეს იარაღის შენახვა-შეძენისთვის; რა პროცედურების გავლაა საჭირო და რა შემთხვევაში ითვლება გამოცდა ჩაბარებულად; რა შემთხვევაში ერთმევა მოქალაქეს იარაღის ფლობის ლიცენზია.

იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეძლებს. გასათვალისწინებელია, რომ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც იარაღი 1-ელ ნოემბრამდე დაირეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს.

- რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს მოქალაქემ გამოცდაზე დასარეგისტრირებლად?

- გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინონ:

  • ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

დაინტერესებულ პირებს საგამოცდო ბილეთების ნახვა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება.

იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოქალაქეს იმავე სახის სხვა იარაღის შეძენისას, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ მოუწევს. გამოცდის ჩაბარებით ვლინდება ის შესაბამისი ცოდნა, რაც აუცილებლად მოეთხოვება მოქალაქეს.

- მოქმედებს თუ არა ასაკობრივი ცენზი იაღარის გაფორმებისას?

- სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის უფლება მოიპოვება 18 წლის ასაკიდან, ხოლო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ფლობის - 21 წლის ასაკიდან. ერთადერთია პნევმატური იარაღი, რომელზეც არ მოქმედებს ასაკობრივი ცენზი. რადგან, როგორც გითხარით, 50 სანტიმეტრამდე ლულის მქონე პნევმატური იარაღს საერთოდ არანაირი რეგისტრაცია არ ესაჭიროება.

- რაც შეეხება უცხოელებს, რომლებსაც სურთ საქართველოში იარღის გაფორმება, რაიმე განსხვავებული პროცედურები ხომ არ მოქმედებს მათზე?

- დიახ, არსებობს გარკვეული განსხვავებული პროცედურები. უცხო ქვეყნის მოქლაქეს შეუძლია მხოლოდ შენახვის უფლებით დაარეგისტრიროს ცეცხლსასროლი იარაღი. ამისათვის მან თავისი ქვეყნიდან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი, რომ მას შეუძლია შეიძინოს იარაღი. ასეთი დოკუმენტები მოაქვთ საელჩოებიდან.

- აქვს თუ არა საქართველოში ნასამართლევ პირს შეზღუდვები იარაღის შეძენასა და შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, საქართველოში ნასამართლევ პირს ეზღუდება იარაღის დარეგისტრირების უფლება. მსუბუქი დანაშაულისთვის, რომელსაც ხანდაზმულბის ვადა აქვს, ვადის გასვლის შემდეგ (მსუბუქი დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ხანდაზმულობის ვადა 8 წელი, ხოლო მძიმე დანაშაულისთვის 12 წელი) კიდევ 12 წელი უნდა გავიდეს იმისათვის, რომ ნასამართლევმა პირმა დაირეგისტრიროს იარაღი. ეს ეხება თავდაცვის მოკლელულიან იარაღებს. რაც შეეხება სანადირო იარაღებს, იქ ეს შეზღუდვა არ არსებობს.

- რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოერთვას პირს იარაღი და გაუუქმდეს რეგისტრაცია?

- იარაღის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ნებართვის მფლობელი ნებართვაზე ნებაყოფლობით ამბობს უარს
  • თუ ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული მოთხოვნები დაირღვა
  • იარაღის ჩამოწერისას და იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას
  • ფსიქიკური და ზოგიერთი ფიზიკური ნაკლის შემთხვევაში

მოქალაქეს ჩამოერთმევა ნებართვა, თუ სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; ასევე, თუ პირი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკოდამოკიდებული ან ტოქსიკომანი და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის გამცემი ორგანოსთვის. ასეთ შემთხვევებში იარაღის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა უქმდება.

ამასთან, თუკი პირი იქნება დეპორტირებული უცხოეთის ქვეყნიდან იმ მიზეზით, რომ მან იქ ჩაიდინა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ამ შემთხვევაში მას საქართველოში არ ექნება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე უფლების მოპოვების საშუალება.

დღეისთვის მოქმედი კანონმდებლობით, თავდაცვის იარაღების დარეგისტრირების შემდეგ სამოქალაქო პირებს მხოლოდ შენახვის უფლება ეძლევათ.

„იარაღის შესახებ კანონის“ მეცხრე მუხლში გაწერილია ის პირები, ვისაც აქვთ იარაღის ტარების უფლება: პარლამენტარები, ყოფილი მაღალი რანგის სამართალდამცველები, უზენაესი და საკონსტიტუსიო სასამაღთლოს მოსამართლეები, ხელისუფლების უმაღლესი რანგის პირები და ა.შ.

იარაღის გაფორმება 70 ლარიდან 90 ლარამდე ჯდება. შეღავათი ვრცელდება ყოფილ სამართალდამცავებზე და მათ 70 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო სამოქალაქო პირმა იარაღის გაფორმებისთვის 90 ლარი უნდა გადაიხადოს.