სამწუხაროდ, ამჯერად ჩვენ ვერ შევძელით, როგორც ჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება, რომ იმ ხელისუფლებისშესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე, ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები და პარლამენტში საკუთარი კანდიდატი გაიყვანა.
ამასთან შალვა შაგულიძემ აღნიშნა, რომ ასაღიარებელი და მისალოცი არჩევნების შედეგებში არაფერია, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარდა არჩევნები.
„მართალია „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ შემდგარი ჩვენი გუნდის ძალისხმევა, ასევე ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით ამ არჩევნების პერიოდში სხვა პოლიტიკური ძალების და საზოგადოების წარმომადგენლებისგან, დღეს არ გახდა საკმარისი წარმატების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ამ სურათს შევცვლით და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ ხვალ. სამწუხაროდ ამჯერად ჩვენ ვერ შევძელით, როგორც ჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი, საკმარისი არ არის პასიური პროტესტი. ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და აქტიურად შენი პოზიციის დაფიქსირება. ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე, ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები“, - განაცხადა შავგულიძემ.
მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ მოემზადებიან მომდევნო არჩევნებისთვის, და ხელისუფლებას არჩევნების გზით შეცვლის.
„თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას. ჩვენ უფრო ინტენსიურს და მჭიდროს გავხდით ურთიერთობას ხალხთან, საზოგადოებასთან. გავაძლიერებთ კოორდინაციას დასავლური, დემოკრატიული ორიენტაციის სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მოვემზადებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და არჩევნების გზით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის კეთილ მომავალს“, - განაცხადა შავგულიძემ.