„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მასალაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილე მხარეები ამ წუთებში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.
„კრწანისის გამგებელი შერწყმულია კრიმინალებთან, ვაკის გამგებელიც მათთან ერთად დგას და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ამომრჩეველზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნადირაშვილმა ბრიფინგზე ვიდეო წარმოადგინა, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძეა ასახული, რომელმაც მისივე მტკიცებით, მაისური გამოიცვალა და მე-17 უბანზე ისევ ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს.
მისივე განცხადებით, ყველგან კრიმინალური ელემენტები დგანან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად.