ავტორი:

10 წიგნი, რომელსაც თქვენი 14 წლამდე შვილები, ზაფხულში სიამოვნებით წაიკითხავენ

10 წიგნი, რომელსაც თქვენი 14 წლამდე შვილები, ზაფხულში სიამოვნებით წაიკითხავენ

ზაფხულის არდადაგები საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვებმა მხატვრული წიგნები იკითხონ. დასვენებული და მშვიდი გონებით ისინი უკეთესად შეიმეცნებენ მრავალფეროვან სამყაროს და ფანტაზიასაც მეტად განვითარების შესაძლებლობას მისცემენ.

წიგნის კითხვის დროს ბავშვები აღმოაჩენენ და იმოგზაურებენ ახალ სამყაროში, ახალ შთაბეჭდილებებს შეიძენენ, ეცნობიან სხვადასხვა კულტურებსა და ხალხებს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ბავშვს ფართო მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დაკარგოთ, ზაფხული მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ და ბავშვს რაც შეიძლება მეტი წიგნი შესთავაზოთ წასაკითხად. აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ ბავშვებისთვის შეთავაზებული წიგნებიც, რადგან ზაფხულის დღეებში მათ გული მუდმივად თამაშისკენ გაურბით და კითხვით დაინტერესება შეიძლება გაგიჭრდეთ კიდეც.

"ბიბლუსი" გირჩევთ 10 წიგნს, რომლებსაც ზაფხულში პატარები სიამოვნებით წაიკითხავენ:

ჯეკ ლონდონის "თავგადასავალი საჰაერო ოკეანეში"

ეს არის კლასიკოსი მწერლის საბავშვო მოთხრობა, რომელიც გაახარებს და გააოცებს პატარა მკითხველს. კლასიკოსების საბავშვო ნაწარმოებები ქართულ ენაზე ხშირად არ გამოიცემა. ამიტომ ეს სწორედ ის გამონაკლისია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ და თქვენს შვილს წააკითხოთ. „თავგადასავალი საჰაერო ოკეანეში“ მათ სოცარ საყაროში ამოგზაურებს და წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ირენ ადლერის „შერლოკი, ლუპენი და მე - ოპერის ბოლო აქტი“

სამი განუყრელი მეგობარი, სამი საუცხოო გონება. მათ ერთად ნებისმიერი კრიმინალური შემთხვევის გამოძიება შეუძლიათ. თითქმის დანის პირზე მოსიარულე მეგობრების საოცარი თავგადასავალი. ვინ არ დაფიქრებულა, როგორი იქნებოდა ბავშვობაში შერლოკ ჰოლმსი, ან ის ერთადერთი ქალი, რომელმაც სახელგანთქმულ მაძებარს სულის სიმშვიდე დაუკარგა?!

ან არსენ ლუპენი, ცნობილი „ჯენტლმენი ქურდი“, უცნაური ხასიათითა და ანალიტიკური აზროვნებით ასე რომ ხიბლავს მკითხველს?!. დიახ, ამ წიგნში ისინი ჯერ ბავშვები არიან! შერლოკ ჰოლმსი, არსენ ლუპენი და ირენ ადლერი ერთმანეთს პირველად 1870 წელს შეხვდნენ, საფრანგეთის კურორტ სენ-მალოში.

იქ დასასვენებლად ჩავიდნენ, თუმცა სასტიკ დანაშაულთა მომსწრენი გახდნენ... მეგობრები სანაპიროზე უცნობი მამაკაცის ცხედარს იპოვიან; ქალაქში დასასვენებლად ჩამოსულ მდიდარ ქალბატონს ვიღაც ბრილიანტის უძვირფასეს ყელსაბამს მოჰპარავს; ღამღამობით კი სახლების სახურავებზე უცნაური აჩრდილი დაძრწის...

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“

ეს ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი – საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. როგორც ცნობილია, ეგზიუპერი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სამხედრო პილოტად მსახურობდა და ამიტომ მიიჩნევენ, რომ მის ამ ალეგორიულ მოთხრობაში სწორედ საავიაციო გამოცდილებიდან მიღებული დეტალებია ჩართული.

ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

საფრანგეთში ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს ნაწარმოები XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. იგი თარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე, მათ შორის, ბრაილზეც.

ჰარიეტ ბიჩერ სტოუს "ბიძია თომას ქოხი"

ბიძია თომა და სხვა უამრავი ადამიანი მონის მძიმე უღელს ატარებენ. თეთრკანიან ბატონთა უმრავლესობა შავკანიან მონას ადამიანად არ თვლის. მათთვის სიყვარულსა და ადამიანურ ბედნიერებაზე ოცნება აკრძალულია. ბევრი მონა ეგუება ასეთ ცხოვრებას, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის გზას ირჩევენ.

ბიძია თომა ცხოვრების გზაზე აღმოაჩენს, რომ ადამიანის მთავარი ფასეულობა სულია, რომელსაც ვერავინ იყიდის; ღირსება, რომელსაც ვერავინ წაართმევს; და შინაგანი თავისუფლება, რომელსაც, თუ მოინდომებს, მონობაშიც შეინარჩუნებს.

გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

წიგნის განსხვავებული დიზაინი და ორიგინალური ილუსტრაციები სრულიად შეესატყვისება მწერლისეული თხრობის ინდივიდუალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მანერას. ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილი 11 არაჩვეულებრივი მოთხრობა გაჟღენთილია სიკეთით, ზნეობით, ჰუმანურობისა და მიმტევებლობის განცდით და, რაც მწერლის შემოქმედების უმთავრესი მოტივია, უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულით, რომელიც „დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“

კრესიდა კოუელის „როგორ მოვარჯულოთ დრაკონი“

ეს არის ნაწარმოები, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით იყიდება, ხოლო მისი ეკრანიზაციის სანახავად რიგები დგას კინოთეატრებთან. ქართველ მკითხველს საშუალება აქვს დრაკონებთან ერთად იმოგზაუროს ზღაპრულ სამყაროში.

ანა ფრანკის დღიური

ანა ფრანკის დღიური, ანუ დღიური სახელწოდებით „თავშესაფარი“, არის ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის, ჩანაწერები, რომლებსაც იგი აკეთებდა ნიდერლანდების ნაცისტური ოკუპაციის დროს, 1942 - 1944 წწ.

დღიურის ბოლო ჩანაწერი დათარიღებულია 1944 წლის 1 აგვისტოთი, სამ დღეში გესტაპომ დააპატიმრა ყველა, ვინც თავშესაფარში იმალებოდა. თვით ანა კი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.

ასტრიდ ლინდგრენის „ბულერბიელი ბავშვები“

შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა - ბრიტა და ანა, მესამეში კი - ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან - სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან... წაიკითხეთ ამ ექვსი არაჩვეულებრივი ბავშვის ყოველდღიური ამბები და იხალისეთ მათთან ერთად.

ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია

წიგნში თავმოყრილ ნაწარმოებებს ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებს: დაწერის დრო, თემატიკა, პერსონაჟები, ამბის მოყოლის თავისებურება, ლიტერატურული ენა. უფლისწულის აღზრდისა თუ ცელქი მოსწავლის გაკვეთილების, კეთილი ექიმისა თუ დაკარგული ბავშვობის, მცენარეებისა თუ ცხოველების მხიარული თუ სევდიანი თავგადასავლების მიღმა იმ მთავარ სათქმელსაც იპოვი, რაც ლიტერატურას და განსაკუთრებით, საბავშვო ლიტერატურას უნდა ჰქონდეს - ადამიანის უპირობო და მარადიული სიყვარული.

ამ წიგნში ბევრი სიყვარულია, რომელსაც სულ სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის ქართველი მწერლები გიხსნიან შენ – მარადიულ ბავშვს და ყველაზე საყვარელ მკითხველს.

მარკ ტვენის ”ტომ სოიერის თავგადასავალი”

”ტომ სოიერის თავგადასავალი" ავტორის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია. წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნა ტომის ამბავი რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ტომის და მისი მეგობრების თავგადასავალი რამოდენიმე თვე გრძელდება, რომლის დროსაც ტომი პოულობს მეგობარ გოგონას, გარბის სახლიდან და ცხოვრობს კუნძულზე, დაიკარგება გამოქვაბულში, საიდანაც მშვიდობიანად გამოაღწევს და თან განძსაც აღმოაჩენს.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა