„ლილო სითის" მფლობელის ლაურა ღაჭავას განცხადებით, მას ამ ეტაპზე უჭირს ვერსიებზე საუბარი რამ გამოიწვია „ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე ხანძარი.
ლაურა ღაჭავა ჟურნალისტებთან „ლილო სითის" დირექტორის ზვიად ქირიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზებს ეხებოდა. ლაურა ღაჭავას თქმით, ის ზვიად ქირიას მოსაზრებებს არ ეთანხმება.
„ძალიან შემზარავია ის, რაც ვნახეთ. გვითხრეს, 10:00 საათიდან მოვლენ საგამოძიებო კრიმინალური განყოფილების წარმომადგენლები და ველოდები, ჯერ არ მოსულან. წინასწარ სხვას ვერაფერს ვეტყვით, შიგნით არ მიშვებენ, რომ დავათვალიერო. აქედან გამომდინარე, ძნელია გითხრათ, რა მოხდა. არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. აქედან ფეხს არ გავადგამ, სანამ ყველა დეტალს ნახავენ, მეც მათ გვერდზე ვიდგები. ზვიად ქირიამ რაც ბრძანა, ის არის არენდატორი, ჩინელების ბაზრობის დირექტორი. არ ვეთანხმები ზვიად ქირიას, ძალიან მოულოდნელად თქვა, ისეთი რაღაცები, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი. ზვიად ქირიას კიდევ ცალკე აქვს ბიზნესი, რომლის გამოც თავის პარტიორებთან აქვს უსიამოვნება. წუხელ აქ ეს არ იყო სათქმელი, როცა ცეცხლი მეკიდა. როცა მოვა, შენიშვნას მივცემ. ასე აურია და ვერაფერი გავიგე. როგორ შეიძლება ასეთი რამ", - განაცხადა ღაჭავამ.
მისი თქმით, აღნიშნულ სავაჭრო ობიექტზე გეგმური შემოწმება ტარდება შესაბამისი სამსახურების მიერ, თუმცა მოულოდნელად სავაჭრო ობიექტზე შემოწმება ფინანსურმა პოლიციამ განახორციელა. ღაჭავას თქმით, მას არ აქვს ვერსიები თუ რატომ შევიდა ფინანსური პოლიცია მოულოდნელად სავაჭრო ობიექტზე.
„რასაკვირველია, ჩემმა თანამშრომლება ეს ყველაფერი ამას მიაბეს. არ ესიამოვნათ, რომ შუაღამეს მოვიდნენ. მე აქ არ ვიყავი. მე და ჩემი შვილი ავსტრიაში ვიყავით წასულები, ჩემმა ბიჭმა ოპერაცია გაიკეთა. დამირეკეს, რომ ფინანსური პოლიცია შემოვიდაო და ყველა ბუღალტრის საბუთები წაიღესო. ამ ყველაფერს ვერაფერს ვუკავშირებ. წერილს ვწერთ ფინანსურ პოლიციას, პროკურატურას, ომბუდსმენს, პრემიერ-მინისტრს. ვეხვეწებით, რატომ მოხდა ასე, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. დაყადაღებული მაქვს ანგარიში და ვეხვეწებით, რომ დროებით მოიხსნას ეს ყველაფერი. ანუ ქონება იყოს დაყადაღებული, მაგრამ თანამშრომლები არ დამრჩეს უხელფასოდ. ეს მაწუხებს. მიუხედავად ამისა, სამკერვალო ფაბრიკა მაქვს და გაჩერებულია. 250 მკერავი სახლში ზის. არაფერი ეჭვი არ მაქვს. ალბათ, არის ფირმები, ვისაც ზედმეტობა აქვს და ამის შემოწმება მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა და ამ შემოწმებაში ჩვენც მოვყევით", - განაცხადა ღაჭავამ.
რაც შეეხება ზარალს, ლაურა ღაჭავას თქმით, ჯერჯერობით არ შეხვედრია დამწვარი მაღაზიების მეპატრონეებს. მისი თქმით, სულ 20 მაღაზიაა დამწვარი, თავისი საწყობებით. ღაჭავას თქმით, ჩინელი მეპატრონეები ამბობენ, რომ მათი საქონელი და ტერიტორია დაზღვეული იყო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ განცხადება გააკეთა.
„მე დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ამის ეჭვი იმიტომ მაქვს, რომ „ლილო სითის“ მეპატრონეზეც და ჩემზეც სახელმწიფოს მხრიდან არის ზეწოლა და ყველაფერს კადრულობენ. ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, რომელზეც არის ენით აღუწერელი ზეწოლა,“ - განაცხადა „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა ზვიად ქირიამ.