ავტორი:

დოროთეი დბარი VS ბესარიონ აპლია - აფხაზეთში "საეკლესიო დაპირისპირება" პიკს აღწევს

დოროთეი დბარი VS ბესარიონ აპლია - აფხაზეთში "საეკლესიო დაპირისპირება" პიკს აღწევს

გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში, ახალ ათონში ე.წ. სასულიერო პირები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და რუსეთის პატრიარქ კირილისთვის მისაწერი ტექსტი განიხილეს. ekhokavkaza.com-თან საუბარში აფხაზი სასულიერო პირი დოროთეი დბარი, რომელიც აფხაზეთის "მთავარ ეკლესიასთან" და მის წინამძღოლ ბესარიონ აპლიასთან დაპირისპირებულია, ამბობს, რომ რეგიონში დაძაბულობამ პიკს მიაღწია და ეს უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, სოხუმი-ბიჭვინთიის ეპარქიის სასულიერო პირები თითქმის სამი კვირის განმავლობაში ტაძრის ეზოში იმყოფებოდნენ, რასაც თავისი წინაპირობები ჰქონდა - უკვე წლებია, აფხაზეთის ეკლესიაში განხეთქილებაა: დბარი და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ე.წ. აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღდგეს, თუმცა, ამის მისაღწევად გრძელი გზის გავლა მოუწევთ. ბესარიონ აპლიასა და მისი გუნდის პოზიციის თანახმად კი, ისინი რუსული ეკლესიის წიაღში ბევრად უსაფრთხოდ იქნებიან.

დაპირისპირებული ბანაკების სასულიერო პირებს მრევლშიც თავიანთი მხარდამჭერები ჰყავთ - "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას" დოროთეი დბარი მეთაურობს, "სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიას" კი - ბესარიონ აპლია.

რამდენიმეწლიანი მდუმარე დაპირისპირებისა და დაძაბულობის შემდეგ, მარტის დასაწყისში მხარეებს შორის პირველი შეხვედრა ახალი ათონის მონასტერში გაიმართა, სადაც განხეთქილების მიზეზებსა და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მისაღწევად", ერთობლივ მუშაობაზე ისაუბრეს. თუმცა, პირველმა და შემდეგმა შეხვედრებმაც უშედეგოდ ჩაიარა და მხარები თავინთ პოზიციებზე დარჩნენ.

დბარი აფხაზურ ე.წ. აპლიას მმართველობას 2011 წლიდან არ ემორჩილება, მან "სოხუმი-ბიჭვინთის" საპირწონედ "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია" შექმნა და ახალი ათონის მონასტერში გადავიდა, სადაც მრევლსაც იღებს და საკმაოდ დიდი მხარდამჭერთა ჯგუფიც შემოიკრიბა. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის იდეას ერთგულობენ და რუსეთთან "კეთილმეზობლურ ურთიერთობას" ამჯობინებენ.

დბარი თავის მხარდამჭერებთან ერთად, უკვე წლებია კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან "აფხაზეთის ეკლესიისთვის" ავტოკეფალიის, ანუ ავტონომიის მინიჭებას ითხოვს.

მისგან განსხვავებით, ბესარიონ აპლია რუსეთისკენ იხრება და, თავის მხრივ, არც რუსეთი რჩება ვალში - რუსეთის პატრიარქ კირილს აფხაზეთის სახელით ის უკვე არაერთხელ ეწვია და კრემლმაც "აფხაზეთის ეკლესიის მეთაურად" აღიარა. აპლიას ხაჯიმბას ხელისუფლების მყარი მხარდაჭერა აქვს, თუმცა მოსახლეობაში დბარის ავტორიტეტი უფრო მაღალია.

დოროთეი დბარი გამოცემა ekhokavkaza.com-თან ამბობს:

"თავიდან მათ კელიები დავუთმეთ და აქ ცხოვრობდნენ, შემდეგ ტაძრის დიდ კარიბჭეში შევიდნენ და იქ ღვთისმსახურებას შეუდგნენ. შაბათს კი უკვე ტაძარში გადაინაცვლეს და იქ დაიწყეს ლოცვა. ეს ნიშნავდა, რომ მათ განზრახული ჰქონდათ იქ დარჩენა, ისე, რომ ეს არავისთვის ეკითხათ. საღამოს ლოცვა ჩავატარეთ, რა დროის განმავლობაშიც ისინი უკან ისხდნენ. შემდეგ, როდესაც ჩვენ ლოცვა დავასრულეთ, ბესარიონ აპლია და კიდევ ორი სასულიერო პირი ტაძრის საკურთხევლისკენ წავიდნენ. ეს თვითნებური ღვთისმსახურების დაწყებას ნიშნავდა და ვთხოვე ბესარიონს, ეს არ გაეკეთებინა, არ წასულიყო ამ პროვოკაციაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ღვთის სახლში ვიყავით. თუმცა, ყველაფერი დისკუსიაში გადაიზარდა. აპლია გამოვიდა ტაძრიდან, მაგრამ მისი გუნდის წევრები იქ დარჩნენ. ამასობაში ტაძრის გარშემო უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათი უმეტესობა ადგილობრივი და ჩვენი ტაძრის მრევლი იყო. მე მათ ვთხოვე, თავი შეეკავებინათ ემოციური კამათისგან, რათა ტაძარში ყვირილი არ დაეწყოთ, მით უფრო, რომ იქ უკვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბესარიონს უჭერენ მხარს. თუმცა, ჩემი თხოვნის მიუხედავად, იქ მყოფთა შორის ხმამაღალი საუბარი ყვირილში გადაიზარდა".

დბარის თქმით, არ აპირებს არც წყევლას, არც კამათს და არც რაიმე სახის საუბარში შესვლას მათთან. მეტიც, მოსკოვში პატრიარქ კირილისთვის წერილის გაგზავნაში მონაწილეობის მიღებაზეც თანახმაა, მიუხედავად იმისა, რომ მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ აფხაზ სასულიერო პირებს ეხებათ და მისი "პოზიცია, რომელსაც წინაპირობები აქვს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ისედაც განკვეთილს მიწოდებენ. რისთვის ვარ აქ ამდენი წელია? რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, რას ემსახურება? რატომ ამბობს მამა ბესარიონი ამ ხნის განმავლობაში, რომ ჩემთან ერთად არასდროს იმსახურებს? მე არ მინდა დაძაბულობა და მზად ვარ მის გვერდით ვიდგე ღვთისმსახურების დროს, რადგან მისგან განსხვავებით, არ მსურს დაყოფა", - ამბობს დბარი, რომლის თქმითაც, "თუ მოსკოვიდან თანხმობას მიიღებენ, ის მზად არის, ახლი ათონის მონასტერში აპლიასთან ერთად იმსახუროს.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში "საეკლესიო დაპირისპირება" პიკს აღწევს, მოსკოვის ეპარქია ჯერჯერობით საქმეში ჩარევას არ ჩქარობს.

"წარმოუდგენელი საცოდაობა ტრიალებდა..." - გუდაუთაში, სასტუმროში გაჩენილ ძლიერ ხანძარს ბავშვები ემსხვერპლნენ

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია