ავტორი:

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი მოზარდების მკვლელობის საქმეში - დაიჭერენ თუ არა პროკურორებსა და გამომძიებლებს?

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი მოზარდების მკვლელობის საქმეში - დაიჭერენ თუ არა პროკურორებსა და გამომძიებლებს?

დაიწყება თუ არა გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში - ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც ორი არასრულწლოვანის მკვლელობის ბრალდებით საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს, აქტიურად დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ ამ საქმეზე სიმართლის საბოლოოდ დადგენისთვის, შემდეგი ნაბიჯი რამდენიმე პროკურორისა და გამომძიებლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უნდა იყოს. ხორავას ქუჩის "ოქროს მოწმედ" წოდებული მიხეილ კალანდია ამ საქმის ყველაზე ხმაურიანი ფიგურანტი აღმოჩნდა. პარალამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თავის რეკომენდაციებში აღნიშნა, რომ მიხეილ კალანდიას ოჯახის ნათესავმა, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა მას პროკურატურაში „საქმე ჩაუწყო“ და მისი ლობირების გამო, საქმის პროკურორები მას ხელს აფარებდნენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავება სამართლიანობის ნაწილობრივ აღდგენად შეაფასა და განაცხადა, რომ შემდეგი ეტაპი იმ გამომძიებლებისა თუ პროკურორების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება უნდა გახდეს, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობდნენ, რომ საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგენილიყო.

"პირველი ინსტანციის კვლევის დროს მკაფიოდ დადგინდა მიხეილ კალანდიას დანაშაულებრივი წვლილი ჩემი შვილის მკვლელობაში და გაუგებარია, რატომ უწევდნენ მას ადვოკატირებას პროკურატურაში, თუ ვინმემ რამე გადაცდომა ჩაიდინა, ყველაფერი გამოაშკარავდება. ვნახოთ, როგორ დაუმტკიცებს ბრალს პროკურატურა მიხეილ კალანდიას, ის პროკურატურა, რომელიც აქამდე მას ადვოკატირებას უწევდა. და ვნახოთ, სასამართლო რა განაჩენს გამოუტანს მას. ამის შემდეგ შეგვიძლია ვისმჯელოთ ნაწილობრივ სამართლიანობის აღდგენაზე. უნდა გამოიკვეთოს ყველა პირი, ვინც რა დანაშაული ჩაიდინა, თუნდაც გამოძიების ეტაპზე სამსახურებრივი თუ თანამდებობრივი გადაცდენა", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო არ მოექცა პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ „მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით სასამართლო პროცესებზე იმას, რომ პროკურატურა მთელი ძალით ცდილობდა გაეტანა პირვანდელი ბრალდება. ჩვენ აქ გვქონდა მიზანმიმართული ქმედებები პროკურატურის მხრიდან, რომლებიც ქმნიდა განცდას, რომ საქმე არ გამოძიებულიყო, საქმეზე არ დადგენილიყო ჭეშმარიტება. სასამართლო არ მოექცა პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ და მე მივესალმები ამას", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

სერგი კაპანაძე, რომელიც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი იყო, მიიჩნევს, რომ სიმართლის საბოლოო დადგენაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც საპარლამენტო კომისიის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და პასუხისგებაში მიეცემიან ის პირები, რომლებიც, მისი თქმით, ამ საქმის გაყალბებას ცდილობდნენ.

"თავიდნავე აშკარად ჩანდა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა ხაზი, რომ გამოვლენილიყო კალანდიას ბრალეულობა. ეს იყო ფაქტი. პირველი დეტალი: თავდაპირველად შსს-მ დაადასტურა, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, როდესაც მკვლელობა მოხდა, კალანდია იმყოფებოდა ფარდულში და მუშტს ურტყამდა სარალიძეს. ამ დროს პროკურატურა ამტკიცებდა, რომ კალანდია იმყოფებოდა ფარდულიდან მოშორებით. როგორ მოახერხა პროკურატურამ და ისეთი ვერსიით წავიდა სასამართლოში, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა რეალობასთან? ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ გაგვიჩნდა ბატონ ფხაკაძესთან მიმართებაში, ბატონ შოთაძესთან მიმართებაში. მეორე დეტალი, არსებობდა მოწმე, რომელიც ამბობდა, როგორ წაიღო ჯიბისკენ ხელი კალანდიამ ჩხუბის დრო, პროკურორი არც დაინტერესებულა ამ მოწმის დაკითხვით. დღემდე უსამართლო შედეგია, რომ ისინი, ვინც ხელი დააფარეს კალანდიას, დღემდე არ არიან მიცემული პასუხისგებაში. ის ადამიანებიც უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული, დღევანდელი ხელისუფლების მიერ, რომლებმაც ამ კონკრეტულ საქმეში ხელი დააფარეს და გამოძიება გააყალბეს. არ გამოვა, ეს ყველაფერი ასე ჩაიფარცხოს", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გასულ წელს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ დადგინდა, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები კალანდიასთვის ბრალის წარსადგენად, მკვლელობაში თანამონაწილეობაზე.

"სწორედ კომისიამ დაადგინა, როგორ გააფუჭეს ეს საქმე და როგორ გააყალბეს მტკიცებულებები. დაადგინა კონკრეტული პირები, ვის მიმართაც გამოძიება უნდა დაიწყოს - ეს პირები არიან ირაკლი შოთაძე, ზვიად ფხაკაძე, ირაკლი ფიფია", - განაცხადა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე საქმის გამოძიება, ვინაიდან განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა მინიმუმ სამსახურებრივ გულგრილობას.

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და დაკავებამ ცხადყო, რომ გამოძიება აღიარებს, რომ თავდაპირველ გამოძიებაში ნამდვილად იყო დაშვებული შეცდომები და ბრალი არასწორად იყო წარდგენილი. ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვსაუბრობდით, როდესაც საქმის მასალებს გავეცანით. სამწუხაროა, რომ პროკურატურა, მხოლოდ შიდა მოკვლევას აწარმოებს ამ საქმეზე, რაც ნამდვილად არ არის ეფექტური და ადეკვატური პასუხი იმ პროცესებზე, რაც მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან ეს განვითარებული მოვლენები უკვე არის დადასტურება და აღიარება იმისა, რომ გამოძიება იყო არაეფექტური და სულ მცირე, ადგილი ჰქონდა სამსახურებრივ გულგრილობას, ან მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს", - აცხადებს ნინო ლომჯარია.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ შსს-მ პანდორას ყუთი გახსნა.

"ჩვენ ვნახეთ ის კადრები, თუ როგორ გამოჰქონდათ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის კალანდიების სახლში მისვლის შემდეგ რამდენიმე წუთში, ლუკა კალანდიას და ოჯახის წევრებს ნივთმტკიცებები და ყრიდნენ საკანალიზაციო ჭაში, ანადგურებდნენ ამ ნივთმტკიცებებს. ეს იყო სწორედ მირზა სუბელიანის მფარველობით და მისი უშუალო მითითებით. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაც ეს იყო, რომ დაეკავებინათ მიხეილ კალანდია იმიტომ, რომ გამოიკვეთა სავარაუდოდ, დანაშაული კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად. ეს დაკავება იყო დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დღეს გაიხსნა პანდორას ყუთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და შეიძლება სამინისტროს და სხვა საგამოძიებო ორგანოებს მისაღები ჰქონდეს სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები", - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "მთავარი თემა დღეს უნდა გახდეს იმის გამოძიება, თუ ვინ უშლიდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს ხელს".

"ყველა ჩინოვნიკმა, ყველა გავლენიანმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ ტიპის ქმედებები ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს დასჯადი. ამ მხრივ, ჩემის აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიგურანტების გამოვლენა და მათი დასჯა. ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რასთან გვაქვს საქმე, გარკვეულ კამპანიასთან თუ რეალური ცვლილებების სურვილთან", - განაცხადა ხუხაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა თადუმაძე მიიჩნევს, რომ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დღემდე სამოხელეო დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ასეთი რამ მომხდარიყო.

"რატომ არ გამოიკვეთა კალანდიას ბრალეულობა თავდაპირველ ეტაპზე? პირველი ადამიანი, ვინც გამოძიებას ღირებული ინფორმაცია მიაწოდა, მკვლელობის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, იყო მიხეილ კალანდია. რა თქმა უნდა, შემდგომ ამას ძალიან გრძელი განვითარება მოჰყვა. რაც შეეხება გამოძების სწორად წარმართვას, ზოგადად, ვისაც გამომძიებლად უმუშავია, ყველა გამომძიებელი, ყველა პროკურორი არის ინდივიდუალური და ყველა თავის ტაქტიკით წარმართავს გამოძიებას. იმ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა: ჩვენ მოწმეებს პირდაპირ ვეკითხებოდით, ხომ არ გითხრა ვინმემ, რომ ჩვენება არ მიგეცათ. ხომ არ დაგმუქრებიათ ვინმე. მსგავს ფაქტებს თუ ადგილი ჰქონდა, მე ცალსახად ვერ გამოვრიცხავ ამას, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, ახალი გამოძიებით ჩვენ გადავამოწმეთ წინა გამოძიება და იქ არ გამოვლენილა ზეწოლის ფაქტები. სამოხელეო კუთხით დანაშაულის გამოძიება შსს-ს კომპეტენცია არ არის", - განაცხადა კახა თადუმაძემ.

როგორც "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები აცხადებენ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შემდეგი სამართალდამცველების მიმართ უნდა დადგეს: ზვიად ფხაკაძე (საქმის ზედამხედველი პროკურორი), კახა სირაძე (შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი); იოსებ სიგუა (შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი); შალვა ბედოიძე (შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი); გიორგი გაბოძე (მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე); მიხეილ შაყულაშვილი (მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და თბილისის ყოფილი პროკურორი); კონსტანტინე სირაძე (თბილისის პროკურორის მოადგილე); მალხაზ კაპანაძე (თბილისის პროკურორი); გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი) და ირაკლი ფიფია (საქმის მწარმოებელი გამომძიებელი);

ოპოზიციური პარტია, მიიჩნევს, რომ სწორედ ეს სამართალდამცველები იყვნენ ისინი, ვინც ხორავას საქმის გამოძიების პროცესში, სავარაუდო დამნაშავეებს ხელს აფარებდნენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს