ჩემი ძმა, მიხეილ კალანდია უდანაშაულოა და ამას დავამტკიცებთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს შსს-სთან განუცხადა.
მისი განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ კალანდია მაშინ აიყვანეს, როცა ქალაქს ტოვებდა, თუმცა, სინამდვილეში სასამართლოში მიდიოდა. ლუკა კალანდიას თქმით, სამართალდამცავებმა მისი ძმა სწორედ ამ დროს დააკავეს.
"ყველამ იცოდეს, მიხეილი არის უდანაშაულო. როგორც აქამდე ვიბრძოლეთ, რომ ვითომ უნდა დაეჭირათ, ახლა ვიბრძოლებთ იმისთვის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს. ყველაფერი გაირკვევა, სავარაუდოდ, მალე. არ ვიცი, რატომ დააკავეს, არ ვიცი, რა მოხდა. ფაქტია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოდ დააკავეს. რა და როგორ მოხდება, ყველაფერს ერთად ვნახავთ. გეუბნებით, რომ ის უდანაშაულოა და ამას დავამტკიცებთ", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
უდანაშაულოდ მიიჩნევს დაკავებულს მამამისი, თენგიზ კალანდიაც. თენგიზ კალანდია ცოტა ხნის წინ შსს-ს შენობასთან მივიდა, სადაც მისი დაკავებული შვილია გადაყვანილი. მისი განმარტებით, ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.
"ახლა პოლიტიკური ინტერესი არსებობს "რუსთავი 2"- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?! არ ვიცი, ალბათ, პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს", - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.
მიხიელ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმაც. როგორც ადვოკატი აცხადებს, მიხეილ კალანდია ქალაქის დატოვებას არ აპირებდა და ის სასამართლოსკენ გზად მიმავალი დააკავეს.
კოტეტიშვილის განცხადებით, მიხეილ კალანდიასთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ.
„დღეს, 11:00 საათზე იყო დანიშნული მოსამართლე გიორგი დარახველიძესთან სასამართლო სხდომა, სადაც მოწმის სახით მიხეილ კალანდიას უნდა დაეკითხათ. დაახლოებით, თერთმეტს რომ აკლდა წუთები, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გზაში დააკავეს.
ბრალის ფორმულირება ამ წუთებში ჩემთვის უცნობია, ხოლო რაც შეეხება პოზიციას, ჩვენ როცა გავეცნობით ბრალს, ამის შემდეგ ვისაუბრებთ.
მე მას შევხვდი, თუმცა არ გვისაუბრია დეტალებზე. მას ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.
სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
კალანდიას დაკავების საკითხზე უწყებაში რამდენიმე საათის წინ ბრიფინგი გაიმართა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ. კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.
სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ.
შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ. კ.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა“, - განაცხადა ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს.