სრულიად "ფეისბუქი" მოიცვა 24 წლის წინ დაკარგული ბიჭის ამბავმა, რომელმაც ოჯახს ახლა მიაგნო. დედა-შვილის შეხვედრის ემოციურ ვიდეოს "სენაკის ქრონიკა" ავრცელებს. ვიდეო მარტვილის რაიონის სოფელ ნაგებერაოშია გადაღებული, სადაც ახალგაზრდას ნამდვილი ოჯახი ცხოვრობს.
"ძალიან ემოციურია ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა, მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად, მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით, დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა, შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად თვითონაც და ჩვენც მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია, წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში" - წერს ვიდეოს კომენტირებისას სალომე ბუცხრიკიძე, რომლის ოჯახშიც, როგორც ირკვევა, დაკარგული ბიჭი წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
როგორც გავარკვიეთ, დათა ამჟამად თერჯოლაში ცხოვრობს, დაოჯახებულია... ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მესამეს ელოდება. რა მოხდა წლების წინ და როგორ მიაგნო 24 წლის წინ დაკარგულმა ბიჭმა ოჯახს, უფრო მეტი დეტალის გასარკვევად AMBEBI.GE სოფელ ნაგებერაოს რწმუნებულს ირაკლი დანელიას დაუკავშირდა:
"1995 წელს გავიდა დეიდაშვილთან ერთად და რამდენიმე დღეში გავრცელდა ხმა, რომ დაიკარგა. როგორც მე ვიცი, შემდეგ დეიდაშვილი ჰყვებოდა, რომ მტკვარში იყვნენ საბანაოდ და წყალმა წაიღო. დაიწყო სამძებრო სამუშაოები, იმ დღიდან ჩართული იყო პოლიციაც, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნეს. ძებნა არ შეუწყვეტიათ დედ-მამას, და-ძმებსაც. მამა მისი დაკარგვიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა, ნერვიულობას გადაყვა. ვერსად ვერ მიაგნეს კვალს. ახლა ამ ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათა ნაპოვნია და უნდა ჩამოვიდესო. გუშინ ვიყავი ასული და ჩამოსული იყო. როგორც ვიცი, დათას ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც ის მოხვდა ქუთაისის ციხეში, სადაც ჩვენი თანასოფლელი იჯდა. მან მიამსგავსა მეზობელს და ჰკითხა, გახოკიძე ხომ არ ხარო. ამას თავისი გვარი ახსოვდა და კიო, მე გახოკიძე ვიყავიო, კიდევ ოტობაია უხსენებია, იქიდან ვარო.
ოტობაია კი არა, მარტვილიდან ხარო, უთქვამს ჩვენს მეზობელს და 24 წელია გეძებთო. უკითხავს, გაიხსენე რამე თუ გახსოვს შენი სახლიდანო. ამან ვერ გაიხსენა მშობლების სახელი და გვარები, თუმცა რაღაც დეტალები ახსოვდა. სახლის უკან თევზის აუზები გვქონდაო, სადაც წყლის გამშვები რკინის საკეტებიაო. ეს მართალაც არის, ახლაც. აქედან გაირკვა ეს ამბავი. დათას უთქვამს, ნუ გაახმაურებ ამ ამბავს და ციხიდან რომ გავალ, მე თვითონ დავუკავშირდებიო. ერთ-ერთ მეზობელს დაკავშირებია სოციალურ ქსელში და უკითხავს თავის დაზე, თუ იცნობდა.
მეზობელს უთქვამს, რომ ხუთი დედმამიშვილები არიან და ერთ-ერთი დათა გახოკიძე დაკარგულიაო. ამით უფრო გაიღრმავა ეჭვი, რომ დათა თვითონ იყო. გუშინ ჩამოვიდა. როგორც თქვა, დაოჯახებულია, ორი შვილი ჰყავს და მესამეს ელოდება, თერჯოლაში ცხოვრობს. დაკარგვის მომენტი არ ახსოვს, სავარაუდოდ, ისეთი ტრამვები აქვს მიღებული, რომ წარსული არ ახსოვს. მარტვილში დედა, დები და ძმები ჰყავს. დედა ცუდად გახდა, იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი... მადლობას უხდიდა იმ ოჯახს, ვინც გაზარდა და უპატრონა მის შვილს. მე როგორც ვიცი, ახლა თერჯოლაშია წასული, მაგრამ მგონი, ჩამოვა ისევ", - გვიყვება ირაკლი დანელია.