30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალზე ქართული გამომცემლობების სტენდებზე გამოტანილია ნებისმიერი ფასისა და ჟანრის წიგნები. მე-11 პავილიონში "პალიტრა L"-ის ლიტერატურას ყველაზე დიდი სივრცე უჭირავს. მისი სახელწოდების, ნარინჯისფერი წარწერის ქვეშ რამდენიმე სტენდს დიდი გადაშლილი წიგნის ფორმა აქვს - მათზე განლაგებული წიგნები სერიების მიხედვითაა დახარისხებული. მათ წინ ძალიან გრძელი, ერთიანი სტენდია.
"პალიტრა L"-მა ერთგულ მკითხველს ფასდაკლებების გარდა, ორიგინალური საჩუქრებიც შესთავაზა. მაგალითად, ფესტივალზე მოსულ საზოგადოებას შეუძლია, სრულიად უფასოდ მიიღოს წიგნის ორიგინალური სანიშნეები, მათ შორის ცნობილი პროექტიდან "სელფერი", რომელზეც ისტორიული მომენტებია გამოსახული. 31 მაისს ფესტივალზე თვალს მოკრავდით უცნაურ ფორმებში გამოწყობილ "სხვადასხვა წარმომავლობის" ადამიანებს, რომლებიც ზღაპრების პერსონაჟებს ანსახიერებდნენ. წიგნების გმირები "პალიტრა L"-მა "გააცოცხლა: - ისინი მკთხველებს საინტერესო კითხვებს უსვამდნენ და ასაჩუქრებდნენ.
გამომცემლობა "პალიტრა L"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ნათია ზაქრაძემ აღნიშნა, რომ უამრავი ოჯახი სწორედ წიგნის ფესტივალის დროს იმარაგებს წასაკითხ ლიტერატურას.
- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე 21 წელია, რაც ტარდება. ვფიქრობთ, ეს წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომ უამრავი გამომცემელი და მკითხველი ერთ სივრცეში იკრიბება და ხდება ახალი წიგნების წარდგენა, ეწყობა დიდი ფასდაკლებები, სწორედ ამ დღეებში უამრავი ოჯახი მთელი წლის ლიტერატურას იმარაგებს. შესაბამისად, დაინტერესებას ფასდაკლებები კიდევ უფრო ზრდის, რადგან ეს ერთ-ერთი მოტივაციაა. წიგნის ფესტივალი საზეიმო მოვლენაა და აქტუალურობას წლიდან წლამდე არ კარგავს. პირიქით, ფესტივალს ყოველ წელს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს. "პალიტრა L", როგორც ყველაზე დიდი გამომცემლობა საქართველოში, ძალიან დიდი მონდომებით და დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ დღისთვის და მკითხველს ჩვენ უამრავ სიახლეს ვთავაზობთ.
- რა იქნება გამომცემლობის მთავარი სიახლე?
- სიახლეებიდან მთავარი სწორედ ის წიგნებია, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადდა. ჩვენი სტენდი გამოირჩევა იმით, რომ ყველაზე მრავალფეროვანია და ყველა ინტერესისა თუ გემოვნების მკითხველი აქ საკუთარ ლიტერატურას პოულობს. მაგალითად, გვაქვს თინეიჯერული ლიტერატურა, პროექტი "ლიბერთინსი", რომელიც ძალიან პოპულარულია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტმა თინეიჯერებს კითხვა შეაყვარა. ჩვენი სტენდი ორ ნაწილად იყოფა: სავაჭრო ზონის წინ "შოუ რუმივით" სივრცეა, სადაც წარმოდგენილია ცალკეული პროექტების დიდი თაროები და "ლიბერთინსის" სტენდის ნახვაც სწორედ იქაა შესაძლებელი. ამ სერიაში გამორჩეული და განსაკუთრებული წიგნი ლი ბარდუგოს "ყვავების ექვსეულია", რომლის ყიდვასაც გამომცემლობა საზოგადოებას განსაკუთრებით ურჩევს. უნდა ითქვას, რომ "ლიბერთინსზე" "ბედნიერი საათები" გვაქვს.
- რომელი სტენდი უნდა ნახოს აუცილებლად მკითხველმა?
- გვაქვს "ლურჯი ოკეანე", ეს ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც წიგნის ფესტივალზე წარმოუდგენელ ფასად არის წარმოდგენილი. გვაქვს "დიდი წიგნი ბიზნესზე", "დიდი წიგნი ფილოსოფიაზე". ასევე არის სერია "მარტივად", რომელშიც შედის "ბრენდინგი მარტივად", "პიარი მარტივად" და ა.შ. ეს ძალიან სქელტანიანი და პრაქტიკული სახელმძღვანელოებია, რომელიც 7 და 7.50 ლარად შეუძლიათ შეიძინონ. ეს ფასი ამ სერიაში ჯერ არასდროს დაფიქსირებულა. მკითხველებს შეუძლიათ მობრძანდნენ და აუცილებლად ეწვიონ "ლურჯ ოკეანეს", რადგან იქ ძალიან აღსანიშნავი შემოთავაზებები დახვდებათ. აქ ახალ წიგნებზეც ფასდაკლებები გვაქვს, რომელიც 14:00 საათიდან 16:00 საათამდე იმოქმედებს. ერთი სიტყვით, "ლურჯი ოკეანე" ზუსტად ის სტენდია, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
- საბავშვო სივრცეზე რას იტყვით?
- საბავშვო სივრცე მეექვსე პავილიონშია. მხოლოდ იქაა წარმოდგენილი საბავშვო პროდუქცია ყველა გამომცემლის მიერ. მკითხველს შეუძლია, საბავშვო წიგნები ჩვენთან ძალიან დიდი ფასდაკლებით შეიძინოს. ბავშვებს დახვდებათ თავიანთი საყვარელი გმირები. მაგალითად, ყველა პატარას საყვარელი გმირია პეპა გოჭი, რომლის პროდუქციაზეც ფასები ოთხი ლარიდან იწყება; გვაქვს თოვლის გუნდას ზღაპრები, ბასტი ბუბუს ძალიან მრავალფეროვანი წიგნები, გასაფერადებლები, ჟურნალები, სამაგიდო თამაშები და ასევე, "დისნეის" პროდუქცია, რაც ასევე ძალიან მნიშვენლოვანია, რადგან გამომცემლობებს შორის "დისნეის" პარტნიორები ჩვენ ვართ.
გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების ხელმძღვანელი თეონა ბერია:
- როგორც ყოველ წელს, წელსაც გამომცემლობა "პალიტრა L" აბსოლუტურად ყველანაირი ფასით არის წარმოდგენილი. ფასდაკლებაში გვაქვს ლარიანი, 2, 3, 4 და 5-ლარიანი წიგნები. ამას შემდეგ მოჰყვება 30%-იანი, 40%-იანი, 50%-იანი, 60%-იანი და 70%-იანი ფასდაკლებები. ამას გარდა, გვაქვს „აუთლეთიც“, რაშიც იგულისხმება წიგნი, რომელიც შეიძლება, იყოს 30 ლარის ღირებულების და შეიძინო დაახლოებით, 5-6 ლარად. საშუალოდ გვაქვს 40-50%-იანი ფასდაკლებები, ხოლო ახალ გამოცემებზე - 25-30% ფასდაკლებები. წიგნებისთვის, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოვიდა, გვაქვს 20%-იანი ფასდაკლება და "ბედნიერი საათი" სპეციალურად ამ წიგნებისთვის.
- რას ნიშნავს "ბედნიერი საათი"?
- "ბედნიერი საათი" ნიშნავს განსაკუთრებულ, 30%-დან ფასდაკლებებს კონკრეტულ სერიებზე, სიახლეებსა და ბესტსელერებზე.
- როგორია საზოგადოების აქტიურობა?
- რა თქმა უნდა, შაბათ-კვირას ველოდებით მეტ ვიზიტორს და ეს ასე იქნება, მაგრამ ამ ორმა დღემაც ნორმალურად ჩაიარა. როგორც ყოველთვის, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სტენდთან ხალხმრავლობაა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩვენი ლიტერატურა, რადგან გვაქვს უამრავი სერია ყველანაირი მკითხველისთვის და ყველა ჟანრის მიმართულებით.
მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი:
- თბილისში იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უყვართ წიგნი, ვისთვისაც ლიტერატურა და ჰაერი ყველაფერია, 4 დღის განმავლობაში, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით სრულიად განსაკუთრებული დღეებია. მართლაც, ეს საზრდოს მომცემი დღეებია, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ეს ადგილი იქცევა ასეთი ადამიანებისთვის ყველაზე სასურველ ადგილად, რადგან აქ შეგიძლია, ყველა ქართული გამომცემლობის მიერ მომზადებული წიგნები ერთ სივრცეში თავმოყრილი კიდევ ერთხელ გაიაზრო, კიდევ ერთხელ დაალაგო შენს გონებაში და რასაკვირველია, შენს ბიუჯეტსაც მოარგო.
ბიუჯეტი ამ ამბავში პრაქტიკულად, გადამწყვეტია. ლიტერატურის ყველა მოყვარულისთვის ეს დღეები ზუსტად იმის შესაძლებლობაა, რომ შეავსოს თავისი დანაკლისი, რომელიც წლის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს. ეს არის სიახლეების, დანაკლისების შევსებისა და ახალი აღმოჩენების ადგილი. ვფიქრობ, ყველამ, ვისაც უყვარს წიგნი და ლიტერატურა, ეს დღეები მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. გამომცემლობები და მათ შორის "პალიტრა L", ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი გამომცემლობა, მკითხველს ძალიან ბევრ სიახლეს სთავაზობს.
სტენდებს შორის ქართველი მკითხველი ავტორებსაც შენიშნავდა. დათო ტურაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის ყველაფერი, რაც ფესტივალზე ხდება, ძალიან სუბიექტურია.
- ჩემნაირი ადამიანისთვის ყველაზე კარგი დღეები წიგნების ფესტივალია. ყველაზე კომფორტული გარემო ის არის, სადაც ამდენი წიგნია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ბევრი რამ სხვაგვარად და უკეთ იყოს, მაგრამ წლების განმავლობაში ყველაფერი გაუმჯობესებისკენ მიდის. რაც მთავარია, უამრავი ადამიანია წიგნით დაინტერესებული, მყიდველები და მკითხველები არიან. ქართული ლიტერატურა ძალიან მრავალფეროვანი გახდა და საგამომცემლო საქმიანობა გამრავალფეროვნდა, რაც დაუჯერებელია. ეს ძალიან მახარებს და ეს პროგრესი ძალიან თვალშისაცემია. მთელი საქართველო წიგნებმა მოიცვა, ძალიან მომწონს და მიხარია და საერთოდ, ისეთ საქართველოში მინდა ცხოვრება, სადაც წიგნი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.
გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი:
- ძალიან მიხარია ეს ხალხმრავლობა, ასევე ისიც, რომ ფესტივალი სახელ "საერთაშორისოს" ამართლებს და ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვყავს, ისევე, როგორც ფოკუს ქვეყანა. შესაბამისად, კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ამ ორი კონტექსტის გათვალისწინებით არის ახალგაზრდობის სიმრავლე და რეალურად, ისინი მსოფლიო სალიტერატურო პროცესებში არიან ჩართულნი. რაც შეეხება ჩემს წიგნს, „გურულ დღიურებს“, რომელსაც „პალიტრა L“ გამოსცემს და „კვირის პალიტრასთან“ ერთად 10 ივნისს გამოვა - ეს ერთგვარი ფრაგმენტული მცდელობაა, დავუკავშირდე ჩემს წარსულს, ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. ვნახოთ, მათ, ვინც არ იცის ამ წიგნის შესახებ, შეიძლება, საინტერესო მოგზაურობა ელოდოთ.
ავტორი: ეკა აბაშიძე