საქართველოს ციხეებში მყოფ პატიმართაგან რამდენმა ჩაიდინა დანაშაული აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო? - ოფიციალურ სამსახურებს ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ და სტატისტიკის წარმოება ერთმა ლუდომანმა პატიმარმა სცადა. სანდრო ნიკოლეიშვილი ასევე გემბლინგის მსხვერპლ პატიმრებთან ერთად იკვლევდა, თუნდაც მხოლოდ ერთ, გლდანის ციხეში რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს იმის გამო, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ვერ დასძლია და დანაშაული ჩაიდინა. არასამთავრობო ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელმა თამარ ჯაფარიძემ სანდროსა და მისი თანამოაზრეების საზოგადოებისა და სახელმწიფოსადმი მიმართვა მოგვაწოდა:
ჩვენი გონება მოწამლულია!
"სასჯელაღსრულების #8 გლდანის დაწესებულებაში საშუალოდ 3000 პატიმარია (ეს ციფრი 99%-ით ზუსტია, რადგან დაწესებულებას ყოველდღიურად აკლდება და ემატება ბრალდებული მსჯავრდადებულების რაოდენობა). ამ 3000-დან გამოიკითხა 2587 პატიმარი, დანარჩენთან ამა თუ იმ მიზეზით ვერ მოხერხდა გასაუბრება. გამოკითხულთაგან 2086 ადამიანს ერთხელ მაინც უთამაშია. 1759 ხშირად თამაშობს, ხოლო 856 პატიმარი აცხადებს, რომ სწორედ ლუდომანიით გამოწვეული პრობლემების ერთობლიობა გახდა მიზეზი, რამაც დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგა.
სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებშიც უამრავი ასეთი ადამიანი იხდის სასჯელს და საერთოდ საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ პატიმართა 34% ამბობს, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და შესაბამისი თავისუფლების აღკვეთა ლუდომანიით იქნა პროვოცირებული.
პირადად მე გლდანის ციხეში ვიხდი სასჯელს. ახლა, ამ სიტყვების წერისას, აქა ვარ. მალე 26 წლის ვხდები და უკვე 11 წელია, რაც აზარტულ თამაშზე მთელი არსებით ვარ დამოკიდებული. ამ 11 წლის მანძილზე საერთო ჯამში 6 წელი ციხეში გატარება გამომდის, თუმცა თავისუფლებაზე ყოფნისასაც ერთი წამითაც არ ვყოფილვარ თავისუფალი, ჩემი გონება შეპყრობილია! დღეს ჩემთან ერთად არიან პატიმრები, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და ამ წერილს ერთობლივად ვწერთ. სტატისტიკური კვლევაც ჩვენი რესურსითა და ენერგიით ჩავატარეთ.
გვინდა საზოგადოების ყურადღება ერთ საკითხზე გავამახვილოთ. თითოეულმა ჩვენგანმა თამაში სისტემაში არსებული ამა თუ იმ ხვრელის მეშვეობით, არასრულწლოვნების გაუცნობიერებელი ასაკიდან პატარა თანხებით დავიწყეთ, დღეს კი აღარაფერი გაგვაჩნია. არასასურველ და არასანდო ადამიანებად ვიქეცით, ჩვენი უნარები დაჩლუნგდა, რეპუტაცია შეილახა და ამ ჯოჯოხეთს თავს ვეღარ ვაღწევთ.
ყველას ერთხელ და სამუდამოდ გვსურს ამ სენისგან გათავისუფლება, თუმცა, როგორ მოვახერხებთ, ეს არ ვიცი. ზოგი აქ პირველად ვართ, ზოგი მეორედ, მესამედ და მეოთხედ. მიზეზი კი ყოველთვის ერთია - ლუდომანია! ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ დანაშაულით დაკისრებულ პასუხისმგებლობას და არ ვითხოვთ ჩვენი ქმედების გამართლებას, არც სასჯელის შემცირებას და ვადაზე ადრე გათავისუფლებას, უბრალოდ გვინდა, რომ აზარტულ თამაშსა და დანაშაულს შორის პირდაპირი კავშირი დაგანახოთ.
რთულია ჯანმრთელი ადამიანის ნეიტრალურმა გონებამ სრულფასოვნად აღიქვას ლუდომანის ფსიქიკური სიღრმე და ის სასოწარკვეთა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში დანაშაულამდე ან სულაც სუიციდამდე მივყავართ. იხილეთ ვრცლად