ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია.
როგორც მინისტრი განმარტავს, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ეს მინისტრთან და მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად.
გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან,“ - განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ანაკლიის პორტი და ეს არაერთხელ გვითქვამს, წარმოადგენს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს. ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით. ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს და დროულად დავიწყოთ მშენებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რასაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მოჰყვა. როგორც კონსორციუმი განმარტავს, საკითხის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი და თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.