ავტორი:

თბილისში ზონალური საათობრივი პარკირება 1-ელ აგვისტოს ამოქმედდება - რა ტარიფი იმოქმედებს კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში

თბილისში ზონალური საათობრივი პარკირება 1-ელ აგვისტოს ამოქმედდება - რა ტარიფი იმოქმედებს კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში

ზონალური საათობრივი პარკირება დედაქალაქში 1-ელი ივლისის ნაცვლად 1-ელ აგვისტოს ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, საპილოტე პროგრამა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების კვალდაკვალ უნდა ამოქმედდეს.

„გასულ კვირას დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალური საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით და მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში გარემოს დაბინძურების და საცობების შემცირება, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჩვენ ავტობუსების ჩანაცვლება, უკვე დაწყებული გვაქვს და კონკრეტული ნაბიჯები არის გადადმული. 90 ერთეული „მანის“ ერთეული შევიძინეთ და 40 ჩამოვა უახლოეს ერთ თვეში, თვენახევარში და მოემსახურება დედაქალაქის მცხოვრებლებს. გარდა ამისა, 8-მეტრიან 220 ავტობუსზე ხელშეკრულება გაფორმებულია და აგვისტოს ბოლოს დაიწყება შემოსვლა და წლის ბოლოს დამთავრდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, როცა საათობრივ პარკირებაზე გადავდივართ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალელურად უნდა მისდევდეს ამ რეფორმას.

„კონკრეტულ ადგილებზე და კონკრეტულ ლოკაციებზე ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, რომ საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ, იმდენად პოპულარული და კონფორტული უნდა გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. სატრანსპორტო სისტემის მოწესიგებასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზონალური პარკირება. მისი ამოქმედება დაგეგმილი იყო პირველი ივლისიდან, თუმცა როგორც გითხარით ყველა ავტობუსი ადგილზე უნდა იყოს, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ზონალური პარკირება 1-ელი ივლისის ნაცლად ამოქმედდეს 1-ელი აგვისტოდან. ეს არის საპილოტე პროექტი“, - განაცხადა კახი კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ზონალური საათობრივი პარკირება საპილოტე რეჟიმში თავდაპირველად კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) და აბანოთუბანში ამოქმედდება. თუმცა ზონალური პარკირების გადასახადი არ იმოქმედებს აღნიშნულ ქუჩებსა და უბნებში ადგილობრივ მცხოვრებლებზე და ასევე ელექტროავტომობილების მფლობელებზე.

რაც შეეხება გადასახადებს, მერის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების გადასახდელის გადახდა შესაძლებელი იქნება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდანაც. უახლოეს მომავალში კი შეიქმნება სატელეფონო აპლიკაციაც. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიას ახალი ველოსიპედი არ გამოუგონებია და აღნიშნული რეფორმა სხვა დიდი ქალაქების საუკეთესო მაგალითების საფუძველზე ხორციელდება. საპილოტე პროექტის დატესტვის შემდეგ ზონალური საათობრივი პარკირება სხვადასხვა ქუჩებზეც ამოქმედდება.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური 1-დან 3 ლარამდე იქნება.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ზონალურ პარკირებასთან ერთად მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება იმ არეალებში, სადაც შევა ზონალური პარკირების ახალი მოდელი - საათობრივი პარკირების ახალი სისტემა. შესაბამისად, ვინაიდან 1-ელი ივლისის მდგომარეობით ვერ მოესწრო ავტობუსების შემოსვლა სრული რაოდენობით, 1-ელი აგვისტოსთვის ჩვენ უკვე სრულად მზად ვიქნებით. პარკირებასთან დაკავშირებით ჩვენ გაკეთებული გვაქვს განმარტებები, ყველასთვის ცნობილია და კიდევ იქნება დამატებითი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორი სისტემა იმუშავებს 1-ელი აგვისტოდან. ავტობუსებს რამდენად გაატარებს კოტე აფხაზის ქუჩა დატესტილია. სამი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი იმუშავებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც აქამდე არ მოძრაობდა. გაბარიტები გაზომილია და ავტობუსები შესულია. ფასებს რაც შეეხება, საკრებულომ დაამტკიცა სამდონიანი ტარიფი - ეს არის 1 ლარი, 2 ლარი და 3 ლარი", - განაცხადა ხმალაძემ.

ქუჩები საბურთალოზე, სადაც პარკირების საათობრივი სისტემა ამოქმედდება

აჭარის მთავრობის 31 წლის თავმჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით - რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?

ახალი წესები, რომელიც ბინის გამქირავებლებმა უნდა დაიცვან