გუშინ ტყიბულში ნახშირის გარე მოპოვების კერძო კარიერზე მიწის მასის ჩამოშლას ერთი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილის ცხედარი დღეს იპოვეს. სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 55 წლის ნუგზარ ხვადაგიანია. მეშახტეს მშობლები დაღუპული ჰყავდა, ცოლ-შვილი კი არ ჰყოლია. ნუგზარ ხვადაგიანის ერთადერთი ძმა ცოტა ხნის წინ რუსეთში სამუშაოდ გაემგზავრა.
ტყიბულის კარიერზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, „საქნახშირმა“ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად, კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც "საქნახშირმა" რამდენჯერმე დააფიქსირა კარიერებზე უნებართვო შეჭრა, კომპანიის მხრიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ, წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ზომები გაეტარებინათ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.