ავტორი:

საქართველოს დროშის ფერებში განათებული ღირსშესანიშნაობები - ნახეთ ფოტოები, როგორ მოგვილოცა მსოფლიომ 26 მაისი

საქართველოს დროშის ფერებში განათებული ღირსშესანიშნაობები - ნახეთ ფოტოები, როგორ მოგვილოცა მსოფლიომ 26 მაისი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 101 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს საქართველო წელს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს. მილოცვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიც უერთდებიან.

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებში კორკოვადოს მთაზე მდებარე ქრისტეს ცნობილი ქანდაკება განათდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს საქართველოს ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„ქრისტეს ქანდაკება“ ბრაზილიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 7 ახალ საოცრებათა შორის ერთ-ერთია. გამომდინარე აქედან, მონუმენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად მილიონობით ადამიანის ხედვის არეალშია. შესაბამისად, ქანდაკების განათება საქართველოს დროშის ფერებში ქვეყნის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიული ხიდი, ხოლო კაუნასში - ისტორიული ქრისტეს აღდგომის ტაძარი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვილნიუსის ცენტრში მდებარე ლუკიშკიოს მოედანზე აღიმართა საქართველოს დროშები.

აღსანიშნავია, რომ 29 მაისს ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსში გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ამ ფარგლებში, მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგებიან ანსამბლების „ქართული ხმების“ და „რუსთავის“ წევრები. ასევე გაიმართება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად შექმნილი გამოფენის პრეზენტაცია.

ღონისძიება ასევე მიეძღვნება საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

ქალაქ შტუტგარდში, გერმანიაში საქართველოს საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და შტუტგარტში არსებული ქართველ მუსიკოსთა გაერთიანების Art Music Georgia-ს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და კულტურის საერთაშორისო დღე გაიმართა.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში მოღვაწე ქართველმა არტისტებმა, მუსიკოსებმა, ნიუ-იორკის ქართულმა ანსამბლმა “ფესვებმა“, პარიზის ქართული კულტურის ცენტრმა “ლაზი“ და ანტვერპენის ქართული ცეკვის ანსამბლმა “მედეა“.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა. ელჩმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული დიასპორის ორგანიზაციების მნიშვნელოვან წვლილს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

ფილადელფიის მერიის ეზოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პირველად, საზეიმო ვითარებაში აღიმართა საქართველოს დროშა. ცერემონია საქართველოს საელჩოსა და აშშ-ში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ტატო ოქრუაშვილის ორგანიზებით გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის ჰიმნები, რის შემდგომაც ქართული დროშა აღიმართა, რომელიც ქართული დიასპორის პატივსაცემად ერთი კვირის განმავლობაში მერიის თავზე დარჩება.

ცერემონიის ფარგლებში ქ. ფილადელფიის მერმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომლის მიხედვითაც 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ დღედ გამოცხადდა. ადგილობრივმა ქართულმა ანსამბლებმა სტუმრებისათვის შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აშშ-ში ივნისის თვეშიც გაგრძელდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. ასევე ესწრებოდნენ ქ. ფილადელფიის მერიის წარმომადგენელი შეილა ჰესი და კონგრესმენი ბრენდან ბოილი, მეუფე საბა ინცკირველი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა, ხოლო საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრში მდებარე კონგრესის ცენტრი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართული დროშები ირლანდიის დედაქალაქში 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.

უკვე მეოთხე წელია, რაც ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დუბლინში ქართულ დროშებს აღმართავენ.

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის მარტინიცკის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

მიღება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა, პრაღაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ ფიშერმა.

მიღების ფარგლებში გაიმართა ანსამბლ „შვიდკაცას“, ჯგუფ "კვინტესენს”-ის კონცერტები და „ნაციონალური სამოსის სახლის“ ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა.

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კოპენჰაგენის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფრედერიკის ეკლესიაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის „შავნაბადას“ კონცერტი.

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მსგავსად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში, საქართველოს საელჩოებშიც შესრულდა. შესაბამისი ვიდეოები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" ვრცელდება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "დღის ნიუსრუმი"

"დაფინანსებას ემიგრანტების შემოწირული თანხებით ვიღებთ, საუბარია რამდენიმე ათასზე... გახდება საჯარო" - ვარლამ გოლეთიანი

"ქართველებო, გელით გაერთიანებულ ევროპაში, რადგან მისი მემკვიდრეობის ნაწილი ხართ..." - პოლონეთის პრეზიდენტის ემოციური მიმართვა