მარნეულში აქცია - "გარეჯი საქართველოა!“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად წითელი ხიდისკენ მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტეს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით პარალიზებული იყო.
აქციაში მონაწილეობდნენ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, სასულიერი პირები და მრევლი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი ამ ფორმით, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და ეს მათი მხრიდან გამაფრთხილებელი აქციაა.
გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები არ უნდა იყოს ხელყოფილი, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"მე როგორც ამ ეპარქიის მღვდელმთავარმა, გადავწყვიტე მცირე მრევლთან ერთად შევკრებილიყავით წითელ ხიდთან და ჩვენი პოზიცია გარეჯთან დაკავშირებით მტკიცედ და მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა. გარეჯი არის საქართველო და ჩვენი სიწმინდეები, არ უნდა იყოს ხელყოფილი. ჩვენ უკიდურესი ფორმა გამოვხატეთ პროტესტისა და მაგისტრალი გადავკეტეთ და ეს არის გამაგრთხილებელი აქცია. თუ არის კეთილმეზობლობა, მეგობრობა, ეს უნდა იყოს დამყარებული სამართლიანობაზე. ეს გულისხმობს, რომ ერთმანეთის საზღვრებს პატივი ვცეთ, ეს უნდა გაითვალისწინონ და საკითხი კეთილმეზობლური პრინციპებით უნდა გადაწყდეს", - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ.