ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. BBC-ის ინფორმაციით, ის 7 ივნისს დატოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტსაც.
ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ყველაფერი გააკეთა, ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგები შეესრულებინა და ძალიან წუხს, რომ ბრექსიტის პროცესის წარმატებით განხორციელება ვერ შეძლო.
VIDEO : ემოციური გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ცრემლები ვერ შეიკავა
„ყველაფერი ვცადე, რომ დამერწმუნებინა პარლამენტის წევრები ბრექსიტის აუცილებლობაში. სამწუხაროდ, ვერ შევძელი. ყოველთვის ვინანებ, რომ ბრექსიტის განხორციელება ვერ შევძელი,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისთვის განცხადება იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.
მეის თქმით, იმისთვის, რომ შემდეგმა პრემიერ-მინისტრმა რეფერენდუმის შედეგების მიღება შეძლოს, პარლამენტში კონსესუსის მიღწევაა საჭირო.
"ასეთი კონსესუსი კი მხოლოდ მაშინ შედგება, თუ დებატებში მონაწილე ყველა მხარე იქნება კომპრომისისთვის მზად," - აღნიშნა მან.
ტერეზა მეის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ ქვეყანას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ემსახურა და იმედი გამოთქვა, რომ ის არ იქნება ბრიტანეთის ბოლო ქალი პრემიერ-მინისტრი.
თანამდებობიდან ოფიციალურად წასვლამდე ის ლონდონში აშშ-ს პრეზიდენტს უმასპინძლებს. დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს სახელმწიფო ვიზიტით 3-5 ივნისს ეწვევა.