ავტორი:

"დამარცხდნენ, თუმცა გაერთიანებისთვის ვერ თოკავენ ამბიციებს" - რა უნდა ისწავლოს ოპოზიციამ შუალედური არჩევნებისგან?

"დამარცხდნენ, თუმცა გაერთიანებისთვის ვერ თოკავენ ამბიციებს" - რა უნდა ისწავლოს ოპოზიციამ შუალედური არჩევნებისგან?

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე გაიმართება. შესაბამისად, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აგრძელებენ.

დანარჩენ 7 ოლქში კი, ხელისუფლების კანდიდატებმა გაიმარჯვეს, რომლებიც საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგებიან. პოსტის გარეშე დარჩენილი ოპოზიციისთვის კი, ეს არჩევნები მწარე გაკვეთილი გამოდგა. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ოპოზიცია თუ არ გააანალიზებს შედეგებს, 2020 წელსაც არჩევნებს ხელისუფლება მოიგებს.

არჩევნების დასრულების შემდეგ, „ევროპულმა საქართველომ“ პარტნიორთა წრის გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთვის ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მისაღები კანდიდატები არიან.

"არ მინდა, რამეს წინ გავუსწრო. იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი ჯერ არ შემდგარა. ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა არ მქონია. მას საერთოდ პოლიტიკური განცხადება არც გაუკეთებია, მან შალვა შავგულიძეს დაუჭირა მხარი" - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"​ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და ზუსტად ვიცით, რომ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა. ჩვენ „ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი. ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია, მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ“, - ამის შესახებ კი "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მოახერხებს თუ არა ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის გაერთიანებას, მას შემდეგ გამოჩნდება, რაც პარტიები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ. რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, მას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე "ოპოზიციისთვის დამანგრეველად" აფასებს.

"ენის მოჩლექის გარეშე თუ ვიტყვით, ოპოზიციისთვის ეს დამანგრეველი აღმოჩნდა. იმის ილუზია, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, არავის ჰქონდა, მაგრამ მინიმუმ 3-4 ოლქში რომ მეორე ტური გაიმართებოდა, ამას ველოდი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან ბევრი ოპოზიციონერი კანდიდატი იღებდა არჩევნებში მონაწილეობას.

ვერ მოახერხეს ელემენტარული - გადაეყვანათ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. კრიტიკულად განწყობილი ელექტორატის ფონზე, როგორი სუსტი უნდა იყო ოპოზიცია, რომ ამომრჩეველი ვერ გამოიყვანო უბნებზე?! ოპოზიციური ამომრჩეველი რომ უბნებზე გამოსულიყო, მოსულთა რაოდენობა გაიზრდებოდა და დაინიშნებოდა მეორე ტური. ეს არჩევნები იყო ოპოზიციისთვის მასობრივი პროტესტი, ეს იყო უზარმაზარი სილა.

ოპოზიციამ ახლა არ დაუშვა შეცდომები, შეცდომებით მოდიან მინიმუმ 2016 წლის შემდეგ, როცა არჩევნების წაგების შემდეგ ვერ მიხვდნენ, რომ რადიკალურად უნდა შეეცვალათ მიდგომები და ტაქტიკა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ამომრჩევლის ნაწილი 5 კილო კარტოფილს დახარბდაო და ეს პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი 5 კილოზე არა, მაგრამ 50 კილო კარტოფილზე და ხახვზე გაიყიდება. ანუ მათთვის მნიშვნელოვანია პირადი კომფორტი.

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მიზნად ვერ ან არ ისახავენ ხელისუფლებაში მოსვლას და „ოცნების“ მაქსიმუმი არის, პარლამენტში ერთი ადგილი, ისინი პოლიტიკური ხორცმეტები არიან.

გაერთიანება აუცილებელი მოთხოვნა იყო, მაგრამ მეორე ტურმა ისიც აჩვენა, რომ პირველ ტურში მონაწილე კანდიდატები ამბობენ უარს, მხარი დაუჭირონ შალვა შავგულიძეს. აქედან გამომდინარე, 2020 წელსაც ოპოზიცია ვერ გაერთიანდება და ბევრი მაჟორიტარული კანდიდატი იქნება ოლქებში.

კახა კუკავას და დავით უსუფაშვილს ჰქონდათ მოწოდება, ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანებულიყო ოპოზიციური სპექტრი, ახლავე ჩანს, რომ ოპოზიცია ამაზე არ წავა მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდნენ, გაერთიანებისთვის მაინც ვერ თოკავენ ამბიციებს, ეს ყველაფერი კი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს" - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის პატარ-პატარა პარტიები გაურიგდნენ ხელისუფლებას.

"ესენი მიდიან გარანტირებულ მარცხზე 2020 წლის არჩევნებზე ან ხელისუფლებასთან გარიგებაზე პატარა-პატარა პარტიები. ხელისუფლებამ მიიღო ისეთი ფსიქოლოგიური ფორა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მერე არ ჰქონია.

ზუგდიდში რეალურად, გახარიას და სააკაშვილის შერკინება იყო და გახარიამ ეს დუელი მოიგო. ამ არჩევნებმა და NDI-ის კვლევამ, ძლიერი ფიგურები გამოკვეთა.

ერთი მხრივ ხელისუფლება გამარჯვებული ფონით, ფორით, გამოკვეთილი ლიდერებით NDI-ის კვლევაში და მეორე მხრივ ოპოზიცია, რომელმაც ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ამომრჩეველი მიეყვანა უბანზე. ამიტომ ვინც საუბრობს იმაზე, რომ ეს მარტო „ნაციონალების“ განაჩენი იყო, ასე არაა - ეს მთელი ოპოზიციისთვის გაწნილი სილა იყო. რამდენად შეძლებენ დასკვნების გამოტანას ამ ყველაფრიდან, გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება“, - გვითხრა ლაგაზიძემ.

ასევე ფიქრობს, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც.

"მთაწმინდის მეორე ტურს უნდა დაველოდოთ და მერე გაკეთდეს ანალიზი, მაგრამ ერთი რამ შეიძლება ითქვას - ოპოზიციამ მხოლოდ იქ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა (ვგულისხობ მთაწმინდის ოლქს), სადაც ის არ იყო ასოცირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. აქედან უნდა გააკეთოს სერიოზული დასკვნა ოპოზიციამ, რომ მოემზადოს 2020 წლის არჩევნებისთვის.

ყველამ ვაღიარეთ, რომ 2020-ში „ოცნება“ უმრავლესობის მოპოვებას ეცდება მაჟორიტარულ ოლქებში და ეს არის ის, სადაც ოპოზიციამ საერთო ენა უნდა გამონახოს. არა გაერთიანებით, არამედ ისეთი საერთო კანდიდატის შერჩევით, რომელიც სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს მმართველ გუნდს და ექნება შანსი, მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვოს.

ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ძალები თუ ფიქრობენ, რომ ჩაანაცვლონ „ქართული ოცნება“, ეს შექმნის წინაპირობას კოალიციური მთავრობის. ეს არის ერთადერთი გზა. რამდენად წავლენ ამაზე, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას სურს ოპოზიციას. გზა და შესაძლებლობა არის, დანარჩენი ოპოზიციამ უნდა იფიქროს“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

"სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ, ჩამოდი და მიხედე შენს ბედს, მომავალს და გეგმებს" - დავით უსუფაშვილი

აშშ-ის საელჩო ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება

დავით საგანელიძის განცხადებით, ზოგიერთ მედიასაშუალებაში მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა