საფრანგეთს მიაჩნია, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიდან ჯარები და შეასრულოს მედვედევი-სარკოზის შეთანხმება.
ეს განცხადება 15 ივლისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთი არ ასრულებს ამ შეთანხების რამდენიმე პუნქტს. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს ტერიტორია, ეს არის ქართული რეგიონები და რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უფრო მაღალ დონეზეც უნდა ავიდეს და კერძოდ, ევროპის დონეზე განიხილებოდეს", - განაცხადა ბერნარ კუშნერმა.
მას მიაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაციის ერთადერთი მექანიზმი შეიძლება იყოს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების შესრულებისთვის რუსეთზე ზეწოლა.
"2008 წლის ომის მიუხედავად საქართველოში დადებითი ცვლილებები აშკარაა. ხალხმა ძალიან დიდი უბედურება გადაიტანა და მე დღეს ვაპირებ მოვინახულო დევნილები, რომლებმაც დატოვეს თავიანთი სახლები", - განაცხადა ბერნარ კუშნერმა.
თუმცა, მას მიაჩნია, რომ არსებული პრობლემებისა და დაპირისპირების მიუხედავად საქართველომ და რუსეთმა ურთიერთობები უნდა დაარეგულირონ.
"ისტორიის განმავლობაში ძალიან ხშირი იყო ქვეყნებს შორის ომები. მაგალითად, საფრანგეთსა და ინგლისს ერთმანეთს შორის დაპირისპირება მთელი 650 წლის მანძილზე ჰქონდათ, მაგრამ დღეს ეს ქვეყნები თანამშრომლობენ. სასურველია, რომ ურთიერთობები დარეგულირდეს და ნორმალური გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის, თუმცა ჩვენ ამის მიუხედავად მიგვაჩნია, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან", - განაცხადა ბერნარ კუშნერმა.