ავტორი:

რა სიურპრიზები ელის წელს მსმენელს "ბლექ სი არენაზე" - 16 ივნისს პირველ კონცერტს Black Eyed Peas გამართავს!

რა სიურპრიზები ელის წელს მსმენელს "ბლექ სი არენაზე" - 16 ივნისს პირველ კონცერტს Black Eyed Peas გამართავს!

16 ივნისიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში Black Sea Arena მსმენელს მსოფლიო ვარსკვლავების მეგა-სანახაობებს პირდება.

შეკვეთილის სცენაზე ცეცხლს პირველად Black Eyed Peas დაანთებს! ბენდი მუსიკალური ტურნეს ფარგლებში, ახალ სოლისტთან ჯესიკა რეინოსოსთან ერთად წარსდგება და ქართველი მსმენელისთვის როგორც ახალ ალბომს, ისე ძველ ჰიტებს წარადგენს.

Black Eyed Peas-ის ჯგუფის სოლისტმა Fergie-მ გასულ წელს ოფიციალურად დატოვა, შესაბამისად, ქართველი მსმენელი ცნობილ ჰიტებს უკვე ახალი ხმის - ჯესიკა რეინოსოს შესრულებით მოისმენს.

როგორც "ბლექ სი არენას" დირექტორი, ტატო ხარჩილავა AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, სწორედ Black Eyed Peas-ის შემადგენლობის ცვლილების გამო, ქართველი მსმენელი ბენდის ახალი ერის მომსწრე ხდება, რაც კონცერტს ორმაგად საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.

რა არის დაგეგმილი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ფარგლებში და რა სიურპრიზი ელის მსმენელს - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს დეტალურად "ბლექ სი არენას" დირექტორი ტატო ხარჩილავა ესაუბრა.

- შეკვეთილში, "ბლექ სი არენას" სცენაზე სეზონს Black Eyed Peas გახსნის. რა ელის მსმენელს სეზონის გახსნაზე?

- რადგან არტისტის ტურნე ძირითადად, ახალი ალბომის პრომოციას გულისხმობს, ყველა შიშობდა, Black Eyed Peas ცნობილ ჰიტებს შეასრულებდა თუ არა, თუმცა Set List უკვე ცნობილია და ვიცით, რომ 2003-2010 წლის პერიოდის პოპულარული სიმღერები სცენაზე აუცილებლად გაჟღერდება.

სწორედ ეს პერიოდი იყო ბენდის კარიერის ოქროს ხანა, რადგან ყველაზე მეტი ჰიტი ამ დროს გამოიცა, დაწყებული Where is the Love?-დან I Got the Feeling-ით დასრულებული. მინდა, მსმენელს ვუთხრა, რომ ყველა ეს სიმღერა, რომელსაც საქართველოში ასე ძალიან ელოდებიან, შესრულდება.

მინდა, აღვნიშნო, რომ Black Eyed Peas-ის ახალი ერის ერთგვარი მოწმეები ვხდებით. ზოგადად, ყველა მუსიკოსის კარიერაშია ეტაპი, რაღაც ხანა, რომელიც კონკრეტულ ალბომს, ტურნეს, ცალკეული არტისტების ეპატაჟურ თუ ცხოვრებისეულ მომენტებს უკავშირდება და რის გამოც ესა თუ ის არტისტი რაღაც პერიოდით აქტუალური ხდება. ამ შემთხვევაში, Black Eyed Peas-ს უდგას ეს მომენტი და ძალიან გვიხარია, რომ სწორედ ამ საჭირო მომენტში გვიწევს მათი მასპინძლობა.

ბენდი მუსიკალურ ჟღერადობას ოდნავ ცვლის და თავიანთ ძველ ჟღერადობას უბრუნდება, რომელიც პოპ და ელექტრონულ ჟღერადობას ნაკლებად მოიცავს და უფრო ჰიპ-ჰოპისკენ არის ორიენტირებული.

- უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარული შემსრულებელი Fergie Black Eyed Peas-ის შემადგენლობაში აღარ არის და ჯგუფს ახალი ვოკალისტი ჰყავს. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი რამდენად შეიტანს ბენდში ცვლილებებს? ცოტა რამ ახალი ვოკალისტის შესახებაც მოგვიყევით.

- Black Eyed Peas-ის ახალი სოლისტის ვინაობა უკვე ოფიციალურად ცნობილია. ეს არის ჯესიკა რეინოსო, რომელიც 2018 წელს ფილიპინების Voice-ს ფინალისტი გახდა და აზიაში საკმაოდ ცნობილი შემსრულებელია. ალბათ, ის კონტინენტის დასავლეთ ნაწილისთვისაც მალე ცნობილი გახდება, რადგან ალბათ, სწორედ ჯესიკა იმღერებს იმ პარტიას, რომელსაც აქამდე Fergie ასრულებდა.

რაც შეეხება ჯესიკას ბენდში მოხვედრას, ის ბენდის ერთ-ერთმა წევრმა apl.de.ap-მა Voice-ში აღმოაჩინა და ამ პროექტიდან პირდაპირ ჯგუფში წაიყვანა.

- რატომ გადაწყვიტეთ, "ბლექ სი არენაზე" სეზონის პირველი კონცერტი სწორედ Black Eyed Peas-ს გაემართა?

- გახსნისთვის ვარჩევდით განსაკუთრებულ არტისტს განსაკუთრებული ენერგიით. შოუს მხრივ Black Eyed Peas ზუსტად ის იყო, რომელიც თემატურად ყველაზე მეტად უხდებოდა სეზონის გახსნის კონცეფციას. ჯერჯერობით რომელი არტისტებიც დავაანონსეთ, მათშიც კი ყველაზე ენერგიული მოსასმენი და სანახავი Black Eyed Peas-ია. მუსიკალურად და ვიზუალურად იმდენად ეფექტური შოუ იქნება, მის კონცერტზე მსმენელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს.

- ტურიზმის თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს კონცერტი?

- საქართველოსთან ახლოს მდებარე ქვეყნებში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში აქტიურად იყიდება ბილეთები და იქაური მსმენელები ჩვენს „ფეისბუქში“ აქტიურად არიან ინტეგრირებულები.

- წელს კიდევ ერთ მსოფლიო ვარსკვლავს Jesse J-ს ველოდებით. როდის გაიმართება მისი კონცერტი Black Sea Arena-ზე?

- Jesse J-ს კონცერტი Black Sea Arena-ზე 6 აგვისტოს გაიმართება. ვიცით, რომ ძირითადად, შემსრულებლის კონცერტზე მსმენელი მიდის იმ სენტიმენტების გამო, რაც ძველ ჰიტებთან დაკავშირებით აქვს. Jesse J-ს შემთხვევაშიც, მსმენელს Set List-ის ნახვა უკვე შეუძლია, სადაც მისი საყვარელი ჰიტები Price Tag და Domino-ც იქნება. გარდა ძველი ჰიტებისა, შესრულდება მე-5 ალბომიც, სახელად R.O.S.E.

- 30 seconds to mars-ის კონცერტის დაანონსება ქართველი მსმენელისთვის ერთგვარად, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. რას შემოგვთავზებს ჯგუფი?

- მსმენელის წინაშე ჯარედ ლეტო 13 აგვისტოს წარსდგება. ის დღევანდელი სამყაროს უნიკალური ხელოვანია, რომელიც ორ ძალიან რთულ სფეროში - მუსიკასა და კინოში ძალიან წარმატებით მუშაობს. იმავდროულად, მწვერვალზე ყოფნას ორივე სფეროში ახერხებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჯარედ ლეტო ჩვენთვის, როგორც მუსიკოსისთვის არის საინტერესო.

ჯარედ ლეტომ 30 Seconds To Mars, 1998 წელს ძმასთან ერთად შექმნა. მათი შოუ განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა და მსმენელში ძალიან ბევრ ემოციას დატოვებს. Set List აქაც არ არის საიდუმლო და მსმენელს შეუძლია, ნახოს, რომელი სიმღერის შემდეგ რას მოისმენს. ალბათ, ეს ყველასთვის საინტერესო გამოცდილება იქნება.

აღსანიშნავია, რომ Black Sea Arena-ზე გამართული კონცერტიდან 3 დღის შემდეგ ჯგუფის ტური იხურება, ანუ ამ ალბომის გარშემო ერთი ერა მთავრდება, რადგან ჯგუფის ტურნე 2 წლის განმავლობაში გრძელდება. მე-5 ალბომში, რომელსაც America ჰქვია, ბევრი სოციალურ-ფილოსოფიური მესიჯია და ამიტომაც ძალიან პოპულარული გახდა. Black Sea Arena-ს კონცერტის შემდეგ კიდევ 2 კონცერტი შედგება და ეს ტურნე დასრულდება. შესაბამისად, სანამ ახალი ალბომი არ გამოვა, შეუძლებელია, ჯარედ ლეტო ვინმემ სცენაზე იხილოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში, მისი, როგორც მუსიკოსის გამოჩენა მხოლოდ და მხოლოდ ახალი ალბომის გამოსვლას უკავშირდება.

სამივე კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

- როგორც ვიცით, ჯარედ ლეტო ქართველ მსმენელს სურპრიზს უმზადებს. გაგვიმხილეთ, კონკრეტულად, რა სურპრიზზეა საუბარი?

- მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ბილეთების ფასი ძალიან დაბალი გვაქვს, რათა კონცერტზე დასწრება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ბილეთების ფასი იწყება 50 ლარიდან და მაქსიმუმ 200 ლარამდე ადის.

რაც შეეხება სურპრიზს, 50 მსმენელს ჯარედ ლეტოსთან შეხვედრის, სცენაზე ასვლის, მასთან ფოტოების გადაღებისა და ავტოგრაფის გამორთმევის საშუალება ექნება. ოღონდ ეს დაკავშირებულია ბილეთთან, რომელიც 30 Seconds To Mars-ის ვებგვერდზე იყიდება. ჩვენ ამ ბილეთების ფასთან შეხება არ გვაქვს.

- როდის დაიხურება Black Sea Arena-ზე საკონცერტო სეზონი და დანარჩენი შემსრულებლების შესახებ როდის გახდება ცნობილი?

ჯერჯერობით, კონცერტს 5 უცხოელი და 5 ქართველი შემსრულებელი გამართავს. დანარჩენი შემსრულებლების ვინაობა მაისის ბოლომდე გახდება ცნობილი და ასევე, დაანონსდება ქართველი შემსრულებლების ვინაობაც.

- რაც შეეხება Black Sea Arena-ს ახალ მენეჯმენტს. თქვენ პირველ საკონცერტო სეზონს იწყებთ, რაც ალბათ, ერთგვარი გამოწვევააა...

- კონცერტების ორგანიზებით ჩვენ აქამდეც ვიყავით დაკავებული, თუმცა, რა თქმა უნდა, Black Sea Arena-ზე ამას პირველად ვაკეთებთ. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან გვიყვარს ეს საქმიანობა და ამიტომაც დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერს კარგად გავართმევთ თავს. მუსიკა და მისი სწორად გაყიდვა არის ამოსავალი წერტილი. გვჯერა და ვიცით იმ მუსიკის შესახებ, რომელიც საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ამ ეტაპზეა აქტუალური.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება