ავტორი:

"კარგი დედა იყო, მეუღლესთანაც არ ჰქონია პრობლემა"  - რას ამბობენ ახლობლები 16 წლის გოგონაზე, რომელიც შვილის მკვლელობაშია ბრალდებული

"კარგი დედა იყო, მეუღლესთანაც არ ჰქონია პრობლემა"  - რას ამბობენ ახლობლები 16 წლის გოგონაზე, რომელიც შვილის მკვლელობაშია ბრალდებული

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგონას ახლობლები ტრაგედიით შეძრულები არიან. 16 წლის მ.შ, რომელიც სამართალდამცველებმა შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, წარმოშობით ქუთაისელია და 20 წლის აღაიანელ ბიჭზე იყო დაქორწინებული.

ბრალდებული სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის ბიჭუნა გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა გოგონას ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.

ტრაგედიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ დაკავებული არასრულწლოვანის ახლობლები. AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის წინ შეიტყვეს და დაზუსტებით არ იციან რა მოხდა. მ.შ-ს ნათესავები მზრუნველ დედად და მხიარულ გოგონად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არ სჯერათ მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენის.

"არ ვიცით რა მოხდა, ახლახან გავიგეთ და ვერ ვიჯერებთ. კარგი დედა იყო, ბავშვზე ზრუნავდა, ყოველდღე დებდა მის ფოტოებს "ფეისბუქზე". წარმოუდგენელია ასეთი რამ! არ ვიცით რა მოხდა. მხიარული ადამიანია, პოეზია უყვარს, თვითონაც წერდა ლექსებს. იმედია გაირკვევა სიმართლე" - განუცხადა AMBEBI.GE-ს დაკავებულის ნათესავმა.

მ.შ-ს კიდევ ერთი ახლობელი აცხადებს, რომ გოგონა ბავშვს კარგად ექცეოდა და სავარაუდოდ, არც მეუღლესთან ჰქონია კონფლიქტი:

"არ ვიცით რა მოხდა და ვერ ვიჯერებთ ამ ამბავს! კარგი დედა იყო, მეუღლესთანაც არ ჰქონია პრობლემა, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით, არც ეტყობოდა. ჩვეულებრივი ოჯახი იყო.

ბავშვის გარდაცვალება მამისგან გავიგეთ. ის გოგონას ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, ბავშვი გარდაცვლილია და მეუღლეს ვერ ვპოულობო. მეტი არაფერი ვიცოდით, დღეს გავიგეთ, რაშიც ედება ბრალი" - ამბობს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ახლობელი.

კითხვაზე, რატომ დაუშვა ოჯახმა არასრულწლოვანის დაოჯახება და ხომ არ ჰქონდა გოგონას კონფლიქტი საკუთარ ოჯახში, დეტალებზე საუბარს თავს არიდებს და ამბობს:

"ოჯახმა არ იცოდა გათხოვებას თუ აპირებდა, რომ გაიგეს შეეგუვნენ, დაფეხმძიმდა და ოჯახი ბედნიერი იყო. მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რატომ დაუშვეს არასრულწლოვნის გათხოვება და მშობიარობა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მას პრობლემები არც საკუთარ ოჯახთან ქონია, შეიძლება იყო კამათი, როგორც ყველა მოზარდს აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერი გამიგია", - განაცხადა დაკავებულის ოჯახის ახლობელმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის დედა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს