არ გაბედოს არავინ, რომ ეს ფეხბურთელები დაიცვას, ყველას დავუპირისპირდები, ვინც არ უნდა იყოს, რადგან ეს ადამიანები არიან ამის ღირსი. რასაც დაიმსახურებენ, იმას მიიღებენ და მე ამის გარანტიას ვიძლევი,- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დაკავებული ფეხბურთელების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან კობიაშვილმა მედიას და საზოგადოებას მოუწოდა, რომ გვერდში დაუდგნენ, რათა მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა გაგრძელდეს.
„კონკრეტული ადამიანები საუბრობენ კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე და ა.შ. აბსოლუტური ტყუილია! ზოგიერთი სააგენტოები და ადამიანები ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ, გადაფარონ და ამბობენ, რომ რაღაცა დავალიანებები იყო - ეს არის ტყუილი. ერთადერთი დავალიანება, რაც ამ კლუბს ჰქონდა, ის არის, რომ ბოლო ორი კვირის ხელფასი არ ჰქონდა გაცემული. ორი კვირის, ორი თვის და წლის კი არა, საერთოდ რომ არ ჰქონდეს ხელფასი, არანაირი გამართლება არ აქვს ამ საქციელს, რაც ფეხბურთელებმა ჩაიდინეს.
მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც, რომ მნიშვნელოვანია, ყოველთვის ისეთი მესიჯები გავაშუქოთ, რომელიც ხელს კი არ უწყობს მათ ქმედებებს, პირიქით. გთხოვთ, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, რომ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს“, - აცხადებს ლევან კობიაშვილი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული ფეხბურთელებისა და საფეხბურთო კლუბების მიმართ უმკაცრეს ზომებს გაატარებს.
ლევან კობიაშვილის თქმით, ფაქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა არა მხოლოდ თავად კონკრეტულ პირებს და ფეხბურთელებს ეხებათ, არამედ აზიანებს ქართულ ფეხბურთს და ქვეყანას. მისივე განცხადებით, დანაშაული არავის შერჩება.
„არ შერჩება არც ერთ ადამიანს, ვინც თავს უფლებას აძლევს, რომ ამხელა ზიანი მიაყენოს არამარტო თავის სახელს ან კლუბს, არამედ ქართულ ფეხბურთს. უამრავი ადამიანია არამარტო ამ დარბაზში, არამედ ამ ქვეყანაში, რომელსაც უყვარს ქართული ფეხბურთი და რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს, რომ რაღაც პოზიტივი გააკეთოს. ეს ადამიანები-ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელი ფეხბურთელები ბედავენ და ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ყველაფერი წყალში იყრება მათი ამ ქმედებით, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ. ნამდვილად არ ვაპირებ იმ კომენტარის გაკეთებას, რომ „დაველოდებით გამოძიებას“. არ მაინტერესებს, ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. ჩვენ ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენი სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე არ არის გამორიცხული კლუბების მიმართაც“, - აცხადებს კობიაშვილი.
კობიაშვილის ინფორმაციით, სადისციპლინო კომიტეტზე, რომელიც მალე ჩატარდება, უკვე გამოვლენილი ფეხბურთელებისა და კლუბების გარდა სხვა ფეხბურთელების და კლუბების სახელებიც გაჟღერდება, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები საეჭვო მატჩებზე.
„ეს არ არის დასასრული. გარწმუნებთ, ძალიან მალე სადისციპლინო კომიტეტზე, სხვა ფეხბურთელების და არ გამოვრიცხავ სხვა კლუბების სახელები აღმოჩნდეს, ხაზს ვუსვამ ჩვენი მოკვლევით. მინდა ასევე ყველა გავაფრთხილო - არ გაბედონ მსგავსი რამ. ილოცონ, რომ თავიანთი გვარები არ აღმოჩნდეს იქ“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. როგორც სუს-ში განმარტავენ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.
მატჩების ჩაწყობის ფაქტზე ჯამში 11 ფეხბურთელია დაკავებული. ყველა მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს.