ცივი იარაღის ნასამართლევ პირზე რეალიზაცია აიკრძალება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება.
პროექტის თანახმად დგინდება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ ვის შეეძლება ცივი იარაღით ვაჭრობა და ვისზე შეიძლება მისი რეალიზაცია.
ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლეობის არმქონე სრულწლოვან პირზე. იურიდიული პირის შემთხვევაში კი წარმოდგენილი უნდა იყოს იურიდიული პირის ხელმძღვანელის ნასამართლეობის არქონისა და სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტები; ნასამართლეობის ცნობის წარდგენა არ მოეთხოვება პირს, რომელსაც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით აქვს რეგისტრირებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის იარაღი.
ცივი იარაღის გაყიდვის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს ან ინდმეწარმეებს მყიდველის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად შსს-სთვის წარდგენა დაევალება.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის ვაჭრობის უფლება ექნება იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე. ამასთან ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება ცივი იარაღის მყიდველის შესახებ ინფორმაცია აღრიცხოს ელექტრონულად და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუდგინოს.
გარდა ამისა, ლიცენზიის მქონე პირმა სავაჭრო ობიექტში, თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს არასრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერი.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა განსახილველად. ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადად 2019 წლის 1 აგვისტოა განსაზღვრული.